დახურვა
სტილი
28.10.2021

ნელი აგირბა „რუსთავი 2-ზე“ ახალი გადაცემის „The Talk შოუს“ წამყვანი გახდა, სადაც წამყვანები ძალიან პირადულ და ბევრისთვის ტაბუდადებულ თემებზე გულახდილად საუბრობენ და მაყურებელს საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებენ.

ნელი აგირბა: ადრე გადაცემა მქონდა, რომელშიც ადამიანებს საკმაოდ პირადულ კითხვებს ვუსვამდი პიროვნული განვითარების შესახებ და მიკვირდა, როგორ მპასუხობდნენ. იმიტომ, რომ მე თვითონ ძალიან მიჭირდა ინტერვიუების მიცემა, ჩემთვის ეს სტრიპტიზი იყო. მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე მუშაობა დავიწყე მისი აღარ მეშინია და აღარც იმის მეშინია, ვინ როგორ მიმიღებს. მთავარია, მე მივიღე საკუთარი თავი. რთულია, განსაკუთრებით პირველი-ორი გადაცემა - გამიჭირდა მაყურებლისთვის საკუთარი გამოცდილებების გაზიარება, მაგრამ დავინახე, რომ არ დანგრეულა სამყარო, მიუხედავად იმისა, რომ მე ვთქვი ის, რაზეც ხმამაღლა საუბარი, იყო დრო, წარმოუდგენლად მეჩვენებოდა და მივხვდი, რომ ადამიანები ძალით ვირთულებთ ცხოვრებას.

მიუღებლობის შიში გვაქვს, გვეშინია, რომ ვერ გაგვიგებენ, აღარ ვეყვარებით. გვეშინია იმიტომ, რომ ოდესღაც, ბავშვობაში გვითხრეს, რომ ასე ცუდია, ისე კარგია. „ვაიდა, შენი იდეები ცუდი აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის და აღარ მოეწონოთ ადამიანებს?!“ ბევრს ეშინია საკუთარი რეალური სახის დანახვა, ვაიდა, თვითონვე არ მოგვეწონოს ის?! შედეგად, საკუთარ თავს არ იცნობ და მერე გარედან მიღებული შეფასებების იმედი გაქვს, ცდილობ, გარედან დაგიდასტურონ შენი სიკარგე. იმიტომ, რომ შიგნით ჩახედვის გეშინია. არადა, შიგნით ყველანი კარგები ვართ. შიგნით ჩახედვას კი, უპირველესად, გამბედაობა სჭირდება.

ბავშვობიდან მქონდა კითხვები: ვინ ვარ? რისთვის ვარ? თუმცა არ ვიცოდი, სად უნდა მიმეღო პასუხები. კითხვების რაოდენობა იზრდებოდა, პასუხები კი არ ჩანდა. ერთადერთი მეგობარი მყავდა, რომელთანაც შემეძლო ამ თემებზე მესაუბრა, ჩემზე რვა წლით უფროსი იყო. 17 წლის ვიყავი, მან რომ თავი მოიკლა და მას შემდეგ ძალიან გამიჭირდა ამ სამყაროში ჩემი ადგილის პოვნა. ცუდად ვიყავი, მაგრამ შემდეგ ანტიდეპრესანტებით ჩავიხშე კითხვები. ათი წელი გაგრძელდა ეს მდგომარეობა. როგორც წესი, 30 წლის შემდეგ, ვიწყებთ რეალობის გადაფასებას და საკუთარი თავის თავიდან შესწავლას, საკუთარი რეალობის შექმნას. ჩემთანაც ასე მოხდა. მერე ჩემს მეუღლეს - ჩელეს შევხვდი და მაშინ ყველა გრძნობა გამიმძაფრდა, ბავშვობა გამახსენდა, ქვეცნობიერმა ტალღებმა დაიწყეს ამოსვლა. მისმა გარდაცვალებამ დამაბრუნა ძიებაში ისეთივე ინტენსივობით, როგორითაც ბავშვობაში ვიყავი. აქაურმა სტერეოტიპულმა როლებმა აზრი დაკარგა. სხვა გზა არ მქონდა, საკუთარ თავთან უნდა დამელაგებინა ყველაფერი იმისთვის, რომ სიცოცხლე თავიდან შემყვარებოდა.

მე კარგა ხანი მქონდა კაცების შიში, განსაკუთრებით ნასვამი კაცების. აბსოლუტურად ირაციონალური შიში, ვშეშდებოდი ისე მეშინოდა. ბავშვობიდან მქონდა ეს შიში. არ მახსენდება სექსუალური შევიწროების მცდელობა ბავშვობიდან, მაგრამ მახსოვს გაფრთხილებები იმის შესახებ, რომ მე გოგო ვარ და შეიძლება რამე მიქნან, თუ ვინმესგან საჩუქარი მივიღე, ან გამომიჩნდა რამე და ასე შემდეგ. შეიძლება, პატარა ვიყავი, ამ პრობლემის არსი არ მესმოდა და საერთოდ კაცის შიში გამიჩნდა. განსაკუთრებით ნასვამის, რადგან მისგან უფრო მოსალოდნელი იყო, შეკავების მექანიზმები დასუსტებული ჰქონოდა. მამაკაცების მიერ გამოხატულ ნებისმიერ ინტერესზე მქონდა აგრესია და შიში. ამიტომ ყველა ურთიერთობას ვიწყებდი მე. სხვანაირად უბრალოდ მეშინოდა კაცების. თუ ინტერესს მე გამოვხატავდი, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი. არაფრის მიღება არ შემეძლო კაცისგან, არანაირი დახმარების, არანაირი საჩუქრის. მახსოვს სესიზე ვიყავი ორსულად, ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს და ვიწექი. თუ სწორად მახსოვს, წყალი მინდოდა. სახლში ილო იყო და შემეძლო მისთვის მეთხოვა, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო ჩემთვის. მახსოვს, მაშინ პირველად გადავლახე ჩემს თავში ეს შიში და ვთხოვე, წყალი მოეტანა.

მერე ნელ-ნელა ვსწავლობდი და ახლაც ვსწავლობ არამარტო კაცის, ზოგადად, სამყაროსგან საჩუქრის მიღებას.

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×