დახურვა
სტილი
18.11.2021

მსახიობი მაკა შალიკაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და ამბობს, რომ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ახლახან შესრულებული ლედი მაკბეტის როლი გარდაცვლილ მსახიობსა და კოლეგას, მეგობარს ზუზუ ბეჟაშვილს მიუძღვნა.

მაკა შალიკაშვილი:

„ადრე ვთქვი, რომ თუ ოდესმე ვინმე მიმიწვევდა სპექტაკლში სათამაშოდ, მივუძღვნიდი ჩემს მეგობარს, ზუზუ ბეჟაშვილს, უზომოდ ნიჭიერს, რომელმაც უდიდესი დაუხარჯავი ენერგია ჩაიყოლა საფლავში. დღეს დილით რომ გავიღვიძე, უფრო დამეწმინდა გონება და მივხვდი, რომ დღეს იყო პირობის ასრულების დრო. ამ სპექტაკლს მე ვუძღვნი ჩემს ზუზუს, რომელიც არა მარტო მე, ძალიან ბევრს უყვარდა…

პირველად მამა ადამის პერფორმანსით ჩამოვედი ქუთაისში. საერთოდ, ამ პერფორმანსმა გადამარჩინა. ბევრ სცენაზე წარმოვადგინე, ბოლომდე ვიხარჯებოდი. ზუსტად მაშინ გავისიგრძეგანე ყვეალფერი. მაშინ მივწერე ყველას ბოდიში, ვისთვისაც მიწყენინებია, თუნდაც უბრალოდ ერთი სიტყვა მითქვამს, რაც არ მეკადრებოდა.

…ამბიციურიც ვიყავი, თავი ყოვლისმცოდნე, გენიოსი დიდი მსახიობი მეგონა. ამანაც გამოიწვია ის, რომ კარგა ხანი თეატრებში ჩემი ადგილი ვერ მოიძებნა. როცა ლამის იდაყვებს ვიჭამდი და დიდი ჯოჯოხეთი გავიარე, ბევრ რამეზე დავფიქრდი. ვიცი, უფალი ჩვენს გულში და გონებაშია. ზოგს ამის შესაცნობად ტაძარი არ სჭირდება, მე კი დიდხანს მივდიოდი მისკენ…“

წყარო: ჟურნალი „სარკე“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×