დახურვა
სტილი
15.06.2021

ახლახან მომღერალი ნუცა ბუზალაძე კიდევ ერთი კონკურსიდან დაბრუნდა გამარჯვებული – ის ალბანეთში გრან-პრის მფლობელი გახდა. მისი ნიჭიერება და შესაძლებლობები საზღვრებს გასცდა და როგორც თავად ამბობს, გაჩერებას არ აპირებს. ნუცას დედა, ქალბატონი ნინო კანკავა, მუდამ შვილის გვერდითაა და მისი ერთგვარი ფსიქოლოგიც კი გახდა.

ნინო კანკავა: სულ ვუმღეროდი ძილის წინ და მისმენდა. წლის და ხუთი თვის იყო, პედიატრი რომ

მოვუყვანეთ გასასინჯად. ისე შეეშინდა მისი, ოღონდ არ გამსინჯოსო, პატარა მაგიდაზე ავიდა და დაიწყო სიმღერა. არადა, ტექსტით მანამდე არ უმღერია და გამიკვირდა. ისე უშეცდომოდ, რიტმით, სმენით და ზუსტად იმღერა ყველა ის სიმღერა, რასაც მე ვუმღეროდი, მივხვდი, რომ ნიჭი ჰქონდა. წლისა და ექვსი თვის იყო, ბავშვთა დაცვის დღეს „პირველ არხზე“ რომ ჩაწერეს. გადაღების სამი ლოკაცია იყო და ოპერატორები ოთხი საათი დასდევდნენ ნუცას, მათ ოფლი მოსდიოდათ და ნუცა ისე პოზირებდა, არ დაღლილა. ძალიან პრანჭია იყო და თავიდანვე ემჩნეოდა, ვინც იქნებოდა. დღეში ხუთჯერ ვუცვლიდი. არეული ჰქონდა ზამთარ-ზაფხული და ზამთარში ზაფხულისას იცვამდა და ზაფხულში – ზამთრისას. თუმცა, გადასაკიდი რედიკული და პომადა არასოდეს ავიწყდებოდა. ძალიან კომუნიკაბელური იყო, მეზობლები გიჟდებოდნენ, ისე უყვარდათ, საოცარი ბავშვი იყო. 

მისი პირველი კონკურსი იყო, მაია დათუნაშვილის „ხმა საქართველოდან“. მაშინ 7 წლისა გრან-პრის მფლობელი გახდა. შემდეგ იყო „ანა ბანას“ კონკურსი, მერე მივიყვანე გურამ ჯაიანთან მოსმენაზე და მაშინვე დატოვა და „მზიურის“ მეშვიდე თაობაში სოლისტად აიყვანა. ფაქტობრივად, გურამმა „გამოჭედა“ ნუცა. თან, იშვიათად, რომ გურამმა ვინმე შეაქოს და ნუცაზე თქვა: დაიმახსოვრეთ ამის სახელი და გვარი, ეს ბავშვი დიდი ვარსკვლავი გახდებაო. ერთხელ ვკითხე: მართალია, რომ თამრიკო გვერდწითელს ისეთი ძლიერი ხმა ჰქონდა, მიკროფონები ვერ უძლებდა-მეთქი.. და მიპასუხა: შენი შვილი არანაკლებიაო. ჩემთვის ეს იმხელა კომპლიმენტი იყო, სიტყვებით ვერც გადმოვცემ. ამის შემდეგ, დღემდე, ნუცამ უამრავი კონკურსი გამოიარა – „ნიჭიერი“, „ერთი ერთში“, „იურმალა“, „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ორი ვარსკვლავი“, თურქეთის „ვოისი“, მოსკოვში ორი კონკურსი და ახლახან – ალბანეთის კონკრსის მოგება. სხვათა შორის, რატომღაც არავინ იცის და არ გახმაურებულა, თუმცა, ნუცას მოგებული აქვს საფრანგეთში, კანში „ოქროს მიკროფონი“. ეს იყო 2 წლის წინ. სატელევიზიო გადაღება არ იყო და ალბათ, ამის ბრალია, რომ არ გაჟღერდა. ამ კონკურსის მერე დაიწყო ფრანგულ ენაში მომზადება და ორ წელში შეისწავლა.

რუსეთში იმიტომ ვერ მოხვდა გრამ-პრის მფლობელი, რომ ქართველი იყო. თუმცა, მთელი მოსკოვი წერდა: ნუცას ეკუთვნოდა გამარჯვებაო. ყველაზე გამოკვეთილი კონკურსანტი იყო და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მისი დედა ვარ. ვინც უყურა, დამეთანხმება. ნუცა, ვერ იტყვის, დავიჩაგრეო, რადგან ისე შეიყვარა ხალხმა და იმდენი სითბო ნახა, ამაზე დიდი გრან-პრი არ არსებობს. თავად ოლეგ ვლადმა, ვინც ყველაზე მოთხოვნადი კომპოზიტორია რუსეთში და ალა პუგაჩოვასა და კრისტინა ორბაკაიტეს უწერს სიმღერებს, სწორედ, მან დაუწერა და აჩუქა ნუცას სიმღერა.

დაურეკა თურქმა მენეჯერმა, რომელიც იტალიაში ცხოვრობს და მონაწილეობის მიღება შესთავაზა. სანამ ნახევარფინაშლი გავიდოდა, მეც მის გვერდით ვიყავი და თავად ვნახე, როგორ აღფრთოვანდნენ ნუცას ნამღერით. თუმცა, მერე წამოსვლა მომიწია და ფინალში მის გვერდით ვერ ვიყავი. სხვათა შორის, ნუცა კონკურსზე არასოდეს ნერვიულობს, თავდაჯერებულია. მე კი მგონია ხოლმე, რომ გავა მერვე ან მეცხრე ადგილზე და დაიჩაგრება. იურმალაშიც რომ ვიყავით, ლელა წურწუმიას ვეუბნებოდი: ალბათ, გავალთ მეშვიდე ან მერვე ადგილას-მეთქი და მეჩხუბებოდა: რატომ ხარ ასეთი განწყობითო. სულ მგონია, ვერ გავა და მის ხელში გრან-პრის რომ დავინახავ, უბედნიერესი ვარ ხოლმე. ახლა კი, ალბანეთის კონკურსის მსვლელობაში, მშვიდად ვიყავი, არ ვნერვიულობდი, ვიცოდი, მაქსიმუმს გააკეთებდა. როცა მის გვერდით ვარ, იმდენად კარგად ვმუშაობ მასზე ფსიქოლოგიურად, იმდენად ვუმსუბუქებ დარდს, ხუმრობს ხოლმე, შენ ჩემი პირადი ფსიქოლოგი ხარო. თითქოს, ერთი მთლიანობა ვართ. საოცრად მაბედნიერებს, ზრუნავს ჩემზე, ყველაფერს მისრულებს ისე, თქმა არ სჭირდება.

იხილეთ სრულად: თბილისელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×