დახურვა
სტილი
04.01.2022

როგორია ქეთი ხატიაშვილის საახალწლო განწყობა, რა საჩუქარი გაუკეთა მან საკუთარ თავს დატვირთული დეკემბრის შემდეგ და როგორ ცდილობს საოჯახო დღესასწაულის განსაკუთრებულად ქცევას – ამ ყველაფერს მისგან შევიტყობთ.

"ახალ წელს კარგი განწყობით ველოდებით. ანასტასიამ კოვიდი გადაიტანა და მიხარია, რომ იზოლაციის პერიოდი იქამდე დასრულდა, სანამ საახალწლო სამზადისი დაიწყებოდა. ჩვენ გვიყვარს საახალწლო ბაზრობებზე, ლამაზად მორთულ ქუჩებში და კონცერტებზე სიარული. საწყენი იქნებოდა, ეს პერიოდი რომ იზოლაციაში გაეტარებინა. ნაძვისხე დავდგით, სახლი ლამაზად მოვრთეთ. ყველა ოთახში იგრძნობა ახალი წელი და ეს ყველაფერი ძალიან კარგ განწყობას გვიქმნის. ანასტასიას განსაკუთრებით უხარია, იმიტომ, რომ საჩუქრების მოლოდინშია. თან ერთს კი არა, რამდენიმე საჩუქარს ელოდება: ბებიისგან, ჩემგან და მამისგან. თუმცა, იცის, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს და საჩუქრებში თანხა ჩვენი ბიუჯეტიდან გადის. შეძლებისდაგვარად ცდილობს, ეკონომიური საჩუქრები აირჩიოს, მაგრამ რადგან ახალი წელია, თავის სურვილებსაც აჟღერებს. უკვე დიდი გოგოა – ათი წლის არის...ყველა მაგას მეკითხება (იცინის). მაგრამ ახალ წელს ყველა წესს ვარღვევ. შეიძლება, ბევრი არ ვჭამო, მაგრამ ძალიან მიყვარს, როცა ახალ წელს სახლში ვხვდებით, ოჯახურ-ტრადიციულ გარემოში. გოჭიც შეკვეთილი მაქვს, მართალია ნახევარი, მთლიანს ვინ შეჭამს, მაგრამ მაინც. მინდა, რომ საცივიც გვქონდეს. ძალიან ბევრ კერძს არ ვაკეთებთ, მაგრამ ძირითადი მაინც მინდა, რომ სუფრაზე იყოს. დედა აუცილებლად აკეთებს ოლივიეს, ძალიან გემრიელი გამოსდის და ესეც, წლებია, წესად გვაქვს. ახალი წელი ჩემთვის ძალიან ოჯახური დღესასწაულია და ამიტომ ყოველ წელს ვცდილობთ, ისე შევხვდეთ, როგორც ოჯახს შეეფერება",- განუცხადა ქეთი ხატიაშვილმა "თბილისელებს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×