დახურვა
სტილი
18.05.2021

ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სამწუხარო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯემალ ჭკუასელის მეუღლე კორონავირუსმა იმსხვერპლა.

„18 მაისს, ჯემალ ჭკუასელს 86 წელი უსრულდება და 18 მაისს 65 წლის თანაცხოვრების შემდეგ საყვარელ მეუღლეს გამოეთხოვება…

ორი კვირაა, ჭკუასელების ოჯახი, კლინიკაში კოვიდ-19-ზე მკურნალობის კურსს გადიოდა: ჯემალი, გიული, მათი ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილი ერთდროულად გადაიყვანეს კლინიკაში. ქალბატონ გიულის უკანასკნელი პერიოდი ისედაც მძიმე ჰქონდა. წლებია, რაც სიმსივნეს ებრძოდა, გასული წლის ბოლოს ინფარქტიც გადაიტანა. ჰოდა, დასუსტებული, ნაავადმყოფარი ორგანიზმი კორონავირუსს ვეღარ გაუმკლავდა.

ვისაც უნდა ჰკითხოთ, მაგალითად მოიყვანენ მათ ოჯახს. ჯემალმა და გიულიმ 65-წლიანი თანაცხოვრება სულ სიყვარულში გალიეს, არაჩვეულებრივი წყვილი იყო.

ერთ – ერთ ინტერვიუში მომღერალი და ქორეოგრაფი, საყვარელ მეუღლეზე ამბობს: „ჩემი სიცოცხლეა, ჩემი მეუღლე გიული, რომელმაც შემაქმნევინა ეს ოჯახი. რაც დღეს მაქვს, შვილები და შვილიშვილები გამიზარდა. ვეტყვი, რომ დღესაც ისევე მიყვარს, როგორც პირველ დღეს და მის გარეშე ცხოვრება ვერ წამომიდგენია. ოჯახში ყველაფერს ის აგვარებს, მადლობას ვეუბნები ჩემთან ერთად გატარებული წლებისთვის.”

18 მაისს ჯემალ ჭკუასელს 86 წელი უსრულდება. ხვალვე იკრძალება მისი ცხოვრების თანამგზავრი…

საოცარია, პალატიდან გაყვანილი მეუღლის გარდაცვალება იგრძნო და შვილიშვილს, რომელიც თავზე ადგას და უვლის, გურული პირდაპირობით ჰკითხა – მითხარით, დაიღუპა და მიმალავთო?

პს. გითანაგრძნობთ, ბატონო ჯემალ! ვუთანაგრძნობთ თქვენს დიდი ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს! უფალმა დაუმკვიდროს ქალბატონ გიულის ცათა სასუფეველი. თქვენ კი ჯანმრთელობას და გაძლიერებას გისურვებთ,“- წერს ჟურნალისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×