დახურვა
სტილი
31.08.2021

მსახიობ ციაკო ფიფიას თქმით, ეს ზაფხული ყველაზე ცუდად დაამახსოვრდება. ვერც დასვენება მოასწრო, ვერც ემიგრანტი დედის სრულფასოვნად მოსიყვარულება, სანერვიულოც შეხვდა და როგორც თავად აღნიშნავს, ჯოჯოხეთი გამოიარა. 

ციაკო ფიფია: ზაფხული ჩემი საყვარელი სეზონია. ვგიჟდები ამ სეზონზე. მირჩევნია, მცხელოდეს, ვიწვებოდე, ვიდრე ოდნავ მაინც მციოდეს, რადგან ამ დროს დიდ დისკომფორტს განვიცდი. მთასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს – მელამაზება, კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ რა ვქნა, ზღვა უფრო ჩემია. მიყვარს ხმაურიანი და აქტიური დასვენება, ამით ვივსებ ენერგიას და სულ ვხუმრობ: დასასვენებლად რომ მივდივარ, კი არ ვისვენებ, ვიღლები-მეთქი. სიმშვიდეში ვერ ვისვენებ, ხალხმრავლობა მიყვარს. რაც უნდა კარგი პირობები შემიქმნა მთაში, ჰამაკში ჩამაწვინო, მთებს ვუყურო და სუფთა ჰაერი ვყლაპო – ასეთი კომფორტის მოყვარული არ ვარ. გართობა და გიჟობა მიყვარს. სამწუხაროდ, წელს პირველი წელია, როცა ზღვაზე ვერ წავედი. ამის გამო, ძალიან ბევრი რამ დამაკლდა, ასე მგონია, ზაფხული არც ყოფილა და ეს სეზონი გამოვტოვე.

ერთადერთი, იმით იყო განსაკუთრებული და პოზიტიური ის მოხდა, რომ დედა ჩამოვიდა ამერიკიდან, კერძოდ, ნიუ-იორკიდან, სადაც უკვე 13 წელია, ცხოვრობს და მუშაობს. წამოიდგინეთ, სულ მენატრება. 13 წელია, ზაფხული ერთად არ გაგვიტარებია, გეგმებით ჩამოვიდა, რომ ჩვენი დიდი ოჯახი ერთად დავისვენებდით ზღვისპირეთში. თუმცა, ყველა გეგმა ჩაგვეფუშა, დედა უკან დაბრუნდა და სულ რამდენიმეჯერ მოვახერხეთ ნახვა, ისიც დისტანციურად.

ივლისის შუა რიცხვებში, ჩემს შვილს, ალექსანდრეს კორონა დაუდასტურდა, თან ინდური შტამი და ლამის მოვკვდი, ეს რომ გავიგე. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ქმარი სულ გარეთ ვართ, ყველა წესს და რეგულაციას ვიცავთ. ყველაზე მეტად ბებიასა და შვილზე ვნერვიულობდი. ბებო გავიდა მაღაზიაში, იქიდან დაბრუნებული დაქალს შეხვდა, ელაპარაკა. იმ დღეებში, მთელ უბანში ოჯახი არ იყო დარჩენილი, კორონა რომ არ დაფიქსირებულიყო. ჩვენც ვერ გადავრჩით – ბებოს დაქალს დაუდასტურდა, ბებოც დავტესტეთ და დაუდასტურდა. 

ეს ძლივს გადავიტანეთ, ისედაც სუნთქვის პრობლემები აქვს. საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ჩვენც გავიტესტეთ და არ აღმოგვაჩნდა. ძალიან პანიკიორი ვარ, ემოციური და გადავწყვიტე, 72 საათში გადამოწმება. დიდებს არ აღმოგვაჩნდა და ბავშვს დაუდასტურდა. იმ წუთას მის წინ როგორ შევიკავე ემოცია, არ ვიცი. ერთი სიტყვით, ბავშვი თავს კარგად გრძნობდა, არაფერი ეტყობოდა და ჩვენ დავიხოცეთ. პირველი სამი დღე ბავშვს თავზე დავტიროდი.

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×