დახურვა
სტილი
09.09.2021

ნახევარი წელი გავიდა თემურ წიკლაურის გარდაცვალების შემდეგ. მისმა წასვლამ გული ყველა ქართველს ატკინა, თუმცა, ცხადია, ეს განშორება ყველაზე რთული მისი ერთადერთი ქალიშვილისთვის აღმოჩნდა.

ქეთი წიკლაური: ძალიან მძიმე და მწარეა ცხოვრება მამაჩემის გარეშე. მგონია, რომ ბავშვობაში ყველას გვაწუხებს მშობლების დაკარგვის შიში. დღემდე მახსოვს, მაშინ როგორ განვიცდიდი, ეს შემზარავი მდგომარეობაა. მერე იზრდები და ემოციურად უფრო ძლიერი ხდები, მაგრამ ასეთი ფიქრი მაინც გაგიელვებს ხოლმე თავში და ძალიან გტკივა, მაგრამ რეალობა კიდევ სხვაა, უმამობა უსაშველოდ მძიმე აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ მისი გარდაცვალება ძალიან მოულოდნელი იყო.

როცა ძალიან პატარა, დაახლოებით, ათ წლამდე ვიქნებოდი, მამას კარიერა ასეთი არ იყო. მაშინ ჯერ კიდევ ახალბედა არტისტები იყვნენ, ის განსაკუთრებული პერიოდი „არგონავტების“ შემდეგ დაიწყო და იმ ტრაგედიის შემდეგ, რომელიც ჩემს ოჯახს დაატყდა თავს, როდესაც ჩემი ძმა გარდაიცვალა. ამის შემდეგ მამა თავის შემოქმედებით, თავის ადამიანობით, სულიერებითა და მაღალეთიკურობით, საოცარი ქარიზმითა და ნიჭით ძალიან შეიყვარეს.

თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ სიყვარულით არ ყოფილა გაჯერებული ხალხის დამოკიდებულები ჩვენი ოჯახის მიმართ. ეს გვერდიდან ჩანს ყველაფერი ბრწყინვალე. მეტსაც გეტყვით, ბოლო წლებში მამა ბლოკირებული იყო, არსად აჩვენებდნენ. ლეგენდა საოცარი რამ არის, მაგრამ ჩვენ ხომ ცოცხალი ადამიანები ვართ და მარტო ლეგენდა არ გვაცოცხლებს?! ხალხის სიყვარული ყველაზე დიდი ჯილდოა და როცა ეს გაქვს, ძალიან ბევრს ნიშნავს, თუმცა ბოლო წლები მისთვის ძალიან დრამატული იყო. ცდილობდა, გამოსავალი ეპოვა, შემოქმედებითი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეალიზების საშუალება როგორც ემოციურად, ისე შემოსავლისთვის. როცა ეს ლეგენდა იქმნებოდა, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და კაპიკები იყო ანაზღაურება. არ დავწვრილმანდები და არ მოვყვები, როგორ ვცხოვრობდით, თუმცა მხოლოდ შორიდან ჩანდა მათი ცხოვრება კაშკაშა, რეალურად ჩვენი ცხოვრება ძალიან შეჭირვებული იყო. მერე კიდევ დიდი გზა გაიარეს, ქართულ კულტურაში დიდი წვლილი შეიტანეს, მაგრამ აი, დღეს, პანდემიის დროს, როგორ უნდა ვიცხოვროთ ხელოვანმა ადამიანებმა?! ვერ გეტყვით, როგორ მოვედით დღევანდელობამდე. მუსიკასა და მუსიკოსებზე ვინმე ფიქრობს? მამაზეც არავინ ფიქრობდა.

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×