დახურვა
სტილი
12.05.2022

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, მათემატიკოსი ნანა დიხამინჯია სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს მიმართავს. მათ ძვირად ღირებულ ტანისამოსსა და რესტორნებში გართობაზე უარის თქმას ურჩევს და ისეთი სახალისო გასართობების მოფიქრებისკენ მოუწოდებს, რომელიც ყველა თანაკლასელისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„გოგოების ბევრ ჯგუფში ვარ, ზოგი საგანმანათლებლოა, ზოგი მენტორობის. ორი კვირაა, სულ ერთი და იგივე პრობლემა იკვეთება: ბანკეტები და მათთან დაკავშირებული ხარჯები, გარეგნობის კომპლექსები, დაცინვის შიში და ა.შ. გოგოები ღელავენ, რომ არ აქვთ კაბის და სალონის ფული, რესტორნის ფული, რომ უბრალოდ ჩაცმულებს კლასელები დასცინებენ. თვითონ სიტყვა „ბანკეტიც“ ძალიან საძაგელია და მთელი საბჭოთა მდაბიო ელიტიზმს იტევს. ამას დამატებული ქართული კუდაბზიკობა, უკანასკნელი ორი კაპიკიც რომ ტანზე უნდა ჩაიცვა, პლუს ამ სამყაროს სექსისტური მოთხოვნა, რომ გოგო პრიალა ჟურნალის მოდელს უნდა ჰგავდეს, ისე არასაკმარისია. ჰოდა, ბანკეტზე ერთხელ ვიყავი. რაღაც სრულიად არათანამედროვე მეცვა, დედაჩემის ბიძაშვილმა მაჩუქა ნაჭრები და მისმა მეზობელმა შემიკერა ისეთი ზედა და ქვედაკაბა, მერეც რომ გამომდგომოდა. ცხადია, უმახინჯესი მეგონა თავი თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში, სადაც აფხაზეთიდან გამოქცეული მივედი იმ წელს. ცხადია, ბევრი ვინერვიულე ამაზე. ახლა მეცინება. ჩემ შვილებს დღეს მარტივი მაისურის და შორტის გარდა არაფერი სჭირდებათ, უბრალოდ არ აინტერესებთ ტანსაცმელი. მე და მიშაც ტანსაცმელში არასდროს ვიხდით ძვირს და არც ჩვენი მეგობრების უმეტესობა, ვინც სილიკონის ველის ტოპ კომპანიებში მუშაობს. სინამდვილეში, უხერხულიც კია ტანსაცმლით სტატუსის ჩვენება.

იმ გოგოებს მინდა მივმართო, ვინც ამ სამეჯლისო კაბებს სიხარულით აფრიალებს და ძვირდ ღირებულ რესტორნებში აპირებს ბოლო ზარის აღნიშვნას - ახალგაზრდულ გართობას ეს ზიზილ-პიპილოები არ სჭირდება. ფეშენ ჟურნალის ყდებზე მხოლოდ წარმოსახვითი, უშინაარსო ცხოვრებაა, იმისთვის მოგონილი, რომ ადამიანებმა ბევრი ფული დახარჯონ ჭინჭებზე. თქვენს შინაარსს ვერ შეცვლის სოლარიუმი, შილაქი თუ ბრილიანტის საყურე. თქვენს თანატოლს კი, ვისაც ამის ფული არ აქვს, თავს გარიყულად აგრძნობინებს. იქნებ ზრდასრული ცხოვრების პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეს იყოს - ამ ღარიბ ქვეყანაში უარი თქვათ სხვისთვის ძვირად ღირებულ ბრჭყვიალებზე და ისეთი მარტივი და სახალისო გასართობები მოიფიქროთ, რომელიც ყველა თქვენი კლასელისთვის ხელმისაწვდომი იქნება. მშობლებმა და მასწავლებლებმა კი სხვა საშრიალოები იპოვეთ, ისედაც არაფერი გესაქმებათ თინეიჯერთა თავშეყრაზე“, - წერს ნანა დიხამინჯია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×