დახურვა
სტილი
09.09.2021

რძე ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რადგან იგი შეიცავს ვიტამინებს: A, B, E, K, C, D, ფოლიუმის მჟავას და 50-მდე სახეობის მიკრო და მაკროელემენტებს. რძე 90%-მდე წყლისგან შედგება, ხოლო მისი კვებითი ღირებულება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, რომელთა შორის არც თუ ბოლო ადგილი უჭირავს მის გადამუშავებას.

აუდუღებელი რძის სასარგებლო და მავნე თვისებები

რა თქმა უნდა სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების მაქსიმალური რაოდენობა ახალ რძეში მეტი რაოდენობით მოიპოვება. მნიშვნელოვანია, რომ გადაუმუშავებული პროდუქტი შეიცავს ფერმენტებს, იმუნოგლობულინსა და ლეიკოციტებს, რომლებსაც ახასიათებთ ბაქტერიოციდური თვისებები. ასე რომ, ასეთი რძე საიმედოდ დაგიცავთ სტრეპტოკოკებისა და სტაფილოკოკის, ნაწლავის ჩხირის, სალმონელასა და სხვა მიკრობებისგან, მაგრამ ეს თვისებები დიდხანს როდი ნარჩუნდება: სულ რაღაც 2 საათამდე 37 გრადუს ტემპერატურაზე შენახვისას და 2 დღე-ღამე, თუ პროდუქტი 0 გრადუსზე ინახება. ნებისმიერ შემთხვვაში ახლადმოწველილი რძე გრილ ადგილას ინახება, რადგან გათბობისას მისი ბაქტერიოციდური თვისებები კლებულობს.

გარდა ამისა, ერთი ლიტრი ახალი რძე შეიცავს კალციუმისა და ფოსფორის დღიურ დოზას. ეს ელემენტები პირველ რიგში განაპირობებენ ჩვენი ძვლების, კბილებისა და ფრჩხილების ჯანმრთელობას, აგრეთვე ჯანსაღი თმის ზრდას. მაგრამ თუ გსურთ, რომ ეს ნივთიერებები თქვენმა ორგანიზმმა კარგად შეითვისოს, მაშინ არ შეურიოთ რძე სხვა პროდუქტებს. ანუ არ მიაყოლოთ რძეს ტკბილეული, არამედ გამოიყენეთ იგი, როგორც სრულყოფილი წასახემსებელი.

ამასთან, ერთი ლიტრი რძე შეიცავს ცხიმების დღიურ ნორმას, რაც შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს თქვენს ფიგურაზე. თუმცა, ახალი რძის მომხრეები ამტკიცებენ, რომ მიუხედავად მაღალკალორიულობისა, რძე გამოიმუშავებს სპეციალურ ნივთიერებებს, ერთგვარ ცხიმისმწველებს, ნაყროვანების შეგრძნება კი, მიუხედავად ამისა, მაინც დიდხანს რჩება.

მაგრამ ახალმა რძემ შეიძლება ზიანიც მოგაყენოთ, თუ მისი აღების (ძროხის წველის) დროს დიასახლისმა არასათანადოდ დაიცვა ჰიგიენური ნორმები. მაგ: არ დაიბანა ხელი, არ გაასუფთავა საქონლის ცური, არ ისარგებლა სუფთა ჭურჭლით. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი: რამდენად ჯანმრთელია ძროხა. თქვენ სავსებით დარწმუნებული უნდა იყოთ მის ჯანმრთელობაში.

ყველასთვის ცნობილია, რომ რძით დაავადების ყველაზე საიმედო პრევენციაა ადუღება. თუმცა, ამ დროს ნადგურდება ვიტამინების: A, B, C, D-ს ნაწილი. ნაწილობრივ იშლება კალციუმიც, რძის ცილა და იღუპებიან სასარგებლო ბაქტერიები. უფრო დამზოგავ მეთოდად ითვლება პასტერიზაცია.

რა რჩება რძეში პასტერიზაციის შემდეგ?

პასტერიზაცია უზრუნველყოფს სასარგებლო ნივთიერებების, სუნისა და გემოს შენარჩუნებას რძეში მცირე დანაკარგებით. სამაგიეროდ ეს მეთოდი ანადგურებს უპირველეს მტრებს: ტუბერკულოზისა და ნაწლავის ჩხირებს და ზოგიერთ მავნე მიკროორგანიზმს. რძეს კი არ ადუღებენ, არამედ მიჰყავთ ის 65 გრადუსამდე, რის გამოც მასში შენარჩუნებულია სასარგებლო ნივთიერებების უმეტესობა. პასტერიზაცია არ კლავს ყველა მიკროორგანიზმს, ამიტომ მისგან კეფირისა და ხაჭოს დამზადებაც შესაძლებელია. მეორე მხრივ, კვლავ ძალაში რჩება ბაქტერიებთან ბრძოლის საკითხი, ამიტომ სასურველია პასტერიზებული რძის ადუღება მოხმარებამდე.

ულტრაპასტერიზაციისა და სტერილიზაციის მეთოდები კი სრულად ანადგურებს მიკროორგანიზმებს, ასე რომ, რისკების თვალსაზრისით, ასეთი რძე ყველაზე სანდოა. მისი ადუღება საჭირო არ არის. და მიუხედავად იმისა, რომ ამგვარ რძეში შენარჩუნებულია რძის ცილა, მინერალებისა და ვიტამინების გარკვეული შემადგენლობა, ხარისხითა და სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობით იგი მაინც საგრძნობლად ჩამოუვარდება პასტერიზებულსა და ახალ რძეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×