დახურვა
სტილი
19.05.2022

მართვის მოწმობის გამოცდის ახალი რეფორმის ამოქმედების შემდეგ, რაც გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს, მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იმედა მაკასარაშვილი აცხადებს, რომ ცვლილებები გაგრძელდება და პრაქტიკული გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველთათვისაც იქნება სავალდებულო.

როგორც იმედა მაკასარაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” აღნიშნა, 2023 წლიდან ცვლილებები შეეხებათ მოტოკიკლეტის მართვის მსურველებსაც.

“რა თქმა უნდა, ცვლილებები გაგრძელდება და არ გაჩერდება მხოლოდ B და BE კატეგორიაზე. სხვა კატეგორიებისთვისაც განხორციელდება და მათაც მოუწევთ გამოცდის რეალურ დროში ჩაბარება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელებულია და მიმდინარე წლის ნოემბრიდან აღნიშნული ცვლილება შეეხება სხვა დიდ კატეგორიებსაც და ამ მხრივ, უკვე მიმდინარეობს მუშაობა.

მოტოციკლეტების გამოცდების ჩაბარების წესშიც იქნება ცვლილებები. რამდენიმე მიმართულება გვაქვს აღებული და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით, ჩვენთვის სავალდებულოა იმ დირექტივების შესრულება, რასაც ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს ამ დირექტივების შესაბამისად, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი სავალდებულო იქნება ყველა კატეგორიისათვის.

პირველ რიგში, ველოდებით უკეთეს მძღოლებს, რომლებსაც ნამდვილად ეცოდინებათ რეალურ საგზაო მოძრაობაში მოძრაობის წესები. რა თქმა უნდა, მათ გათვითცნობიერებული ექნებათ ის თეორიული მასალა, რომელსაც მანამდე სწავლობდნენ და თეორიაში ნასწავლი საკითხები უკვე რეალურ პირობებში იქნება გააზრებული. ასევე, უფრო უკეთესად მომზადებულ კანდიდატებს ველოდებით, რომლებიც უკეთესად ჩააბარებენ გამოცდას და არ იქნება დაზეპირებული მასალით მოსული კანდიდატი, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე მოძრაობის შესრულება იცოდა დახურულ მოედანზე და მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას აიღებდა ამის შემდეგ ცდილობდა დაუფლებოდა მძღოლის უნარ-ჩვევებს”, – განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×