დახურვა
სტილი
21.06.2022

წელს სეზონური ვირუსების ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. ამაზე არაერთი მშობელი და სპეციალისტი საუბრობს. ბავშვების მდგომარეობა ზოგჯერ პნევმონიითაც გართულდა და კლინიკაში გადაყვანა აუცილებელი გახდა. აღსანიშნავია, რომ შემთხვევების მატება მაშინ დაფიქსირდა, როდესაც სეზონური ვირუსები, როგორც წესი, არ აქტიურდება ხოლმე. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე საუბრობს, რამ გამოიწვია მკვეთრი მატება და რა მოლოდინები აქვთ შემოდგომისთვის:

წლევანდელი წელი მართლაც გამორჩეულია. წინა წლებთან შედარებით, პანდემიის პირველ-ორ წელს ვგულისხმობ, გრიპის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად

მომატებულია. მეორე თავისებურება კი გახლავთ ის, რომ სეზონური ვირუსების მატების პიკის პერიოდმა ზამთრიდან გაზაფხული-ზაფხულის პერიოდის განმავლობაში გადაინაცვლა. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, საქართველოში სეზონური რესპირაციული ვირუსების მატება ოქრტომბრის ბოლოდან, ნოემბრის დასაწყისიდან იწყება, პიკს დეკემბერ-იანვარში აღწევს და შემდეგ მარტის ბოლოსა და აპრილში თანდათან მცირდება. ეს იმ სტატისტიკის მიხედვითაა, რასაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენრტრი გვაძლევს. 2022 წელი ამ სტატისტიკისგან მკვეთრად განსხვავებულია. წელს რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკი აპრილის თვეზე მოვიდა. მეტიც, მაისისსა და ივნისში საქართველოში, როგორც წესი, გრიპის შემთხვევები საერთოდ არ ფიქსირდება - წელს როგორც აპრილში, ასევე მასსა და ივნისში შემთხვევები გვქონდა. გასათვალისწინებელია, რომ ამ მხრივ ყველა ქვეყანა მზად იყო, ვინაიდან შეზღუდვები, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ იყო მიმართული, ასევე სხვა ტიპის ვირუსების წინააღმდეგაც ეფექტური აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ იყო გრიპისა და გრიპის მაგვარი დაავადებების მხოლოდ ერთეული შემთხვევები. ახლა, შეზღუდვების სრულად მოხსნის შემდეგ, ადვილი ასახსნელია, რომ რესპირაციული ვირუსები გააქტიურდა, ვინაიდან ისინიც ჰაერ-წვეთოვანი დაავადებების კატეგორიას მიეკუთვნება, მათი გადაცემაც თავისუფალ, შეუზღუდავ კონტაქტებზეა დამყარებული. კიდევ ერთი განსხვავება, რომელიც წლევანდელ წელს ეხება ისეთი ტიპის ვირუსის მკვეთრი მატებაა, როგორიცაა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. ეს ვირუსის განსაკუთრებული ტიპია, ვინაიდან მისთვის წვრილი ბრონქიოლების ანთება, შეტევითი ხასიათის ხველა, გახშირებული სუნთქვაა დამახასიათებელი. დაავადება, რომელსაც ეს ვირუსი იწვევს, ბრონქიოლიტის სახელითაა ცნობილი და ძირითადად, ის 2 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. წელს პირველი იანვრიდან პირველ ივნისამდე მარტო იაშვილის კლინიკაში 91 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მისი ძირითადი გართულება ფილტვების ანთებაა. 2022 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ჩვენს კლინიკაში პნევმონიის 52 შემთხვევა დაფიქსირდა. წლევანდელი წელი რომ გამორჩეულია, ამას ძალიან ბევრი მშობელი ადასტურებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათ გარშემო ბევრი ბავშვია ცხელებით, სუნთქვის გაძნელებით, რაც გრიპისა და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსისთვისაა დამახასიათებელი.

გრიპის ვირუსი და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იმ ვირუსების კატეგორიას განეკუთვნება, როდესაც ჰოსპიტალიზაცია ხშირადაა აუცილებელი. ერთ შემთხვევაში ბრონქიოლოტით რთულდება და ჟანგბადის დამატებითი მიწოდება გვჭირდება. მეორე შემთხვევაში, ვირუსული პნევმონიის მკურნალობისას კლინიკაში მეთვალყურეობაა აუცილებელი. ეს ვირუსები გართულებებით მიმდინარეობს.

პრაქტიკულად, პანდემიის შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვების გამო 2 წელი გამოვტოვეთ. ბავშვები ნაკლებად იყვნენ ინფიცირებულები გრიპითა და გრიპის მაგვარი დაავადებებით. ამიტომ, გარკვეული მოლოდინი გვაქვს, რომ შემოდგომიდან ეს ვირუსები უფრო მეტად გააქტიურდება, ვიდრე ეს 2-3 წლის წინ იყო. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნე, მოსალოდნელია, რომ წელს გრიპის შემთხვევები გაიზრდება, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

წყარო: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2022 by Stily. All rights reserved
×