დახურვა
სტილი
02.11.2022

მეტრო “გოცირიძის” კონტრაქტორი კომპანია – შპს “მამისონის” მეწილე ნიკოლოზ ჭკადუა აცხადებს, რომ ადგილზე სამუშაოების გაჭიანურება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. მისი თქმით, ერთ-ერთი პრობლემა ბიუროკრატიული ბარიერებია. ჭკადუა ამბობს, რომ სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია, ექსპლუატაციაში მეტროს მიღებას კი, 2 კვირა დასჭირდება.

“მეტროს ძირითადი ფაზის მშენებლობა დაახლოებით 10 თვის წინ დაიწყო. ეს პროექტი ითვალისწინებდა როგორც პროექტირებას, ისე მშენებლობის კომპონენტს. ჩვენმა კომპანიამ განახორციელა პროექტირება და მშენებლობა. 10 თვის განმავლობაში განხორციელდა ეს ურთულესი, ტექნოლოგიურად რთული სამუშაოები, მათ შორის პროექტირება და მშენებლობა.

ვფიქრობთ, რომ 10 თვე იყო გონივრული ვადა პროექტის განხორციელებისთვის. მეტროს პროექტირება არის საკმაოდ რთული. იქ გადის ძველი სადენები, კომუნიკაციები, რომელსაც გამოკვლევა სჭირდება. ასევე საჭიროა ძალიან ბევრი დეტალის შეთანხმება რესტავრირების დროს.

დღეს მეტრო დასრულებულია, უბრალოდ ვაკის პარკში მომხდარი მოვლენებიდან გამომდინარე გამკაცრებულია რეგულაციები. ყურადღებით ვაკვირდებით ყველა იმ საკითხს, რაც დაკავშირებულია მგზავრთა უსაფრთხოებასთან. ამას დასჭირდება 2 კვირა, ამ ვადაში მეტრო იქნება ჩაბარებული”, – აცხადებს კომპანია “მამისონის” მეწილე ნიკოლოზ ჭკადუა BM.GE-თან საუბარში.

თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ მეტრო “გოცირიძის” კონტრაქტორი კომპანია – შპს “მამისონის” მიერ პროექტის დაგვიანებით დასრულება კატეგორიულად მიუღებელია. მისი თქმით, მეტროსადგურის რეაბილიტაცია დასრულებულია და ამ ეტაპზე ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „შპს „მამისონს“ მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ დაკავშირებით სოლიდური ჯარიმა აქვს გამოწერილი 600 ათას ლარამდე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×