დახურვა
სტილი
20.01.2023

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება. კეკელიძის სტატუსი მენტალურ ჯანმრთელობას ეხება და სერვისს, რომელიც სახელმწიფომ მოქალაქეებისთვის უნდა უზრუნველყოს.

ამასთან, ის ხაზს უსვამს, თუ როგორ ცუდად მოქმედებს საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანებს.

"იცით ალბათ, წელიწად-ნახევარი უმძიმეს დეპრესიას და შფოთვით აშლილობას ვებრძოდი. მას შემდეგ უამრავი ადამიანი მეხმიანება, რომელთაც წლებია სხვადასხვა სახის მენტალური სირთულეები ტანჯავთ. ზოგიერთამდე შუაღამემდე მისაუბრია, ჩემი სამოყვარულო ცოდნით და გამოცდილებით რომ ვცდილობდი დამშვიდებას და მერე ცხადია, ექიმთან გადამისამართებას. მათ შორის ყოფილი სამხედროც ყოფილა და პოსტსტრესული აშლილობები დიდწილად ამგვარი პროფესიის ადამიანებს აწვალებთ. ერთია ფსიქიატრიული სფეროს მოუწესრიგებელი მდგომარეობა, მეორე - მახინჯი სტერეოტიპები, საბჭოთა ტრადიციით ნაკარნახევი, უკბილო ხუმრობებით ნაპოლეონად ქცეულ ადამიანზე, სოფლის გიჟის ლეგენდები და ფრაზებად გამოთლილი გარიყვა: „აზრები აწუხებს“. დღესაც, როცა ვინმეს გაშავება უნდათ, სრულიად ლიბერალურ პოზიციაზე მყოფი პოლიტიკოსები ცინიკურად ამბობენ: „ფსიქიატრიის სფეროა“. არადა ფსიქიატრიის სფეროა ყველა ადამიანი, საკუთარი შფოთვებით, უბრალოდ არის შემთხვევები, რომელიც აუცილებელ კლინიკურ ჩარევას მოითხოვს. როცა ეს საშინელი სტერეოტიპები დაირღვევა, სფეროსაც იოლად მიეხედება. მე ვიქნები ბრძოლაში ერთი რიგითი ელჩი. 

ვუსამძიმრებ ამ უდიდესი ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს“, - წერს გიორგი კეკელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×