დახურვა
სტილი
24.09.2021

სოფო ჯაფარიძეს სოციალურ ქსელსა და სამედიცინო სფეროში ბევრი იცნობს. ის პოპულარული პლატფორმის, „მედგიდის" დამფუძნებელია და პანდემიის დროს უამრავ ადამიანს დაეხმარა. საკუთარი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების შესახებ მან გადაცემა „ყვითელ ყუთში" ისაუბრა:

„ჩემს ოჯახში სხვა პროფესია არც ყოფილა. ბაბუაჩემი, ვახტანგ ყიფიანი, იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი. მისი გაზრდილია ძალიან ბევრი ის ექიმი, რომლებიც ახლა წინა ხაზზე იბრძვიან. დედა, ბებია, დეიდა - ყველა ექიმია და არც განიხილებოდა ჩემთვის სხვა პროფესია. ბავშვობაში ძალიან მინდოდა იურისტობა, მაგრამ როცა გავიზარდე, სტომატოლოგია ავირჩიე, რადგან დეიდაჩემი ძალიან წარმატებული სტომატოლოგია და მე მისი გაზრდილი ვარ" - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

როგორც სოფომ გაიხსენა, მას მამა ბავშვობაში გარდაეცვალა: „9 წლის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა და ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო, მაგრამ მე მყავს მამა, მამაზე კიდევ უფრო მეტი, ალბათ... მამა ჰქვია, იმიტომ, რომ ვერ მოვიხსენიებ, როგორც დედაჩემის მეუღლეს. ის ჩემთვის დედაზე მეტია, მამაზე მეტია, ბებიაზე მეტია... ყველაფერია ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის. ჩემს შუათანა შვილს მისი სახელი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ მე არაჩვეულებრივი მამა დავკარგე, არასდროს მქონია ამის დეფიციტი".

სოფო ჯაფარიძის თქმით, მისი მამა ექიმების არასწორ დიაგნოზს ემსხვერპლა: „9 წლის ურთიერთობიდან მამაზე რაღაცები ფრაგმენტულად მახსოვს, ძალიან თბილი იყო ჩემ მიმართ. თავიდან, როცა ცუდად იყო, არ მითხრეს. მე ყველაფერი გვიან გავიგე. მამა ექიმის მიერ დასმულ არასწორ დიაგნოზსა და მკურნალობას შეეწირა. ეს იყო მწვავე პროცესი, რომელიც აერიათ. ეგონათ, რომ იყო ბრმა ნაწლავის პრობლემა. მისი გარდაცვალების შემდეგ იყო ვნებათაღელვა, რომ უნდა გადაგვერჩინა, სხვაგან წაგვეყვანა... ბოლომდე დიაგნოზიც კი არ მიკითხავს, დღესაც არ ვიხსენებ ამ თემას..."

მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, სოფო ჯაფარიძე ახერხებს, დრო ოჯახისა და შვილებისთვისაც გამონახოს: „მყავს მეუღლე და სამი შვილი. ძალიან განსხვავებული ბავშვები არიან. უფროსი არის მშვიდი, შუათანა - სრულიად არანორმალური, მე მგავს ძალიან; მესამეც მშვიდი და გაწონასწორებულია. ახლა იმდენი დრო აღარ მაქვს, რამდენიც მანამდე მქონდა. ადრე უფრო ხშირად ვიყავი ბავშვებთან, მაგრამ ახლაც ვცდილობ, ვიყო მათთან ერთად. საღამოს ერთად ვატარებთ, ვსწავლობთ, ვთამაშობთ..."

როგორც სოფო ამბობს, მისთვის მისი პაციენტები ოჯახის წევრები ხდებიან და მათ ტკივილს საკუთარივით აღიქვამს: „ჩემთვის ყველა ადამიანის პრობლემა ერთნაირად მტკივნეულია. ძალიან ცუდად მახსოვს 33 წლის გოგოს, სოფო ამაღლობელის ისტორია, რომელმაც ვერ დაამარცხა კოვიდი. ჩვენ შევქმენით მისი სახელობის წამლის ფონდი, სადაც ადამიანები წირავენ მედიკამენტებს, რომლებიც აღარ სჭირდებათ. მისმა სახელმა უკვე ბევრი ადამიანი გადაარჩინა. სოფოს არ ვიცნობდი, მაგრამ ის ჩემი ოჯახის წევრია. „მედგიდის" საშუალებით ერთი პატარა მოვნათლე კიდეც. როდესაც ვაქცინაციის დონე არის დაბალი, ვირუსის მუტაცია არის ძალიან მარტივი. საინფორმაციო კამპანია არ არის, ლოჯისტიკით ვერ ვუწყობთ ხელს და ვერაფერს რეალურს ვერ ვუპირისპირებთ ანტივაქსერულ განწყობას, მდგომარეობა კი ძალიან რთულია..." - ამბობს „მედგიდის" დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×