დახურვა
სტილი
11.10.2021

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წარსულის იმ მონაკვეთს იხსენებს, როდესაც მამა გარდაეცვალა.

"2015 წლის 30 დეკემბერი იდგა. თოვლიანი ღამე. დედაჩემს იმ დღეს დედა გარდაეცვალა, ორი დღით ადრე ქმარი, შესაბამისად, მე - ბებია და მამა.

ის ტიროდა. მე ვიჯექი და ღუმელს შევცქეროდი.

-ახლა დავბანთ და მერე უნდა ჩავაცუათ. ტანზე ზევითაა და ფეხზე გვინდა რამე - მომესმა გოგილოს ხმა, უბნის მკვდართა გამპატიოსნებელი კაცის.

და ოტკა გვინდა კიდო - მოაყოლა გოგილოს დედამ, ამ საქმის ქურუმმა - დუუთრობლად არ შემიძლია, ბაღანე კი აღარ ვარ.

არაყი იოლი საშოვნი იყო, ტანსაცმელი ზევით იდო, როგორც გოგილომ მოგვახსენა და ახალი ფეხსაცმლის ყიდვა კი დაგვავიწყდა ამდენი მეხის ერთად დატეხვის გამო.

მე გარდაცვლილი მამაჩემი არ მინახავს, არ გადავახდევინე სასახლის სახურავი და კაცმა რომ თქვას, რა მნიშვნელობა ჰქონდა, ახალს ჩააცმევდნენ თუ ძველს, მაგრამ წესი -წესია. მით უფრო ჩვენთან, ოჯახში.

სულ ახალი ფეხსაცმელი მქონდა, მამაჩემი რომ გარდაიცვალა, იმ დღეს სადღაც დიდ თავყრილობაზე ლექციას ვკითხულობდი და საგანგებოდ შევიძინე. ეს ჩააცვით - ვუთხარი მე.

-ხვალეა ტირილი - თქვა დედაჩემმა - სა მოასწრებ ახლის ყიდვას აქანა.

მე იმას ჩავიცმევ - ვუპასუხე.

მეორე დღე, 31 დეკემბერს, მამაჩემს ჩემი ფეხსაცმელი ეცვა და მე - მამაჩემის.

ჩვენ ვერ ვხედავდით ერთმანეთს, მაგრამ, ასე მინდოდა და მეგონა: ჩვენი ფეხსაცმელები გრძნობდნენ.

და ვიდექი, უამინდობის გამო იშვიათ ჭირისუფალს ხელს ვართმევდი და ამაზე ვფიქრობდი."- წერს გიორგი კეკელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×