დახურვა
სტილი
14.10.2021

ბოლო დროს სოციალურ ქსელში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ვიდეოები თუ ფოტოები, სადაც მშობლებს ახალშობილებთან ახლო კონტაქტში ჰყავთ ძაღლები, კატები. ცხოველები ეხებიან ნივთებს, რომლებსაც პატარები ყოველდღიურად იყენებენ. წვანან ერთსა და იმავე დივანზე, შეიძლება კატა ან ძაღლი ეტლშიც ჩაძვრეს. ეს ბევრი მშობლის აღშფოთებას იწვევს. სინამდვილეში რამდენად უსაფრთხოა ჩვილებისთვის ცხოველებთან ახლო კონტაქტი, რა სარგებელს იღებენ პატარები ამით და არსებობს თუ არა რაიმე რისკები - თემაზე პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ევროპის რესპირაციული საზოგადოების წევრი ნანა ნარეკლიშვილი გვესაუბრება:

- მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ სახლში კატის, ძაღლის, თევზების, თუთიყუშისა და ა.შ. არსებობა, ზრდის ბავშვთა იმუნორეაქტიულობას და დიდ გავლენას ახდენს მათი ემოციური სფეროს განვითარებაზე. ვეტერინარები თვლიან, რომ ეს ურთიერთობები ბავშვს კარგ ადამიანად, პიროვნებად ჩამოაყალიბებს და ნაკლებად ექნებათ აგრესია, დეპრესია, ფსიქოლოგიური პრობლემები, თავს არ იგრძნობენ მარტოსულად. ბავშვებსა და ცხოველებს შორის ემოცია იმდენად დიდია, რომ ეს ფსიქოთერაპიას უტოლდება.

საჭიროა, პატარას ცხოველებზე ზრუნვა თავიდანვე ვასწავლოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ სიბრალული მიტოვებული, უპატრონო ცხოველების მიმართ, რათა სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა ჩვევად ჩამოუყალიბდეთ.

ძირითადად, იმ მშობლებს სურთ სახლში ჰყავდეთ ძაღლი ან კატა, ვინც თვითონ იზრდებოდა მათთან ერთად და უნდათ, ეს სასიამოვნო ემოცია მათმა შვილებმაც გაიზიარონ. მათ შორის, მხოლოდ დადებითი ემოციები არ არის მიზეზი. უკანასკნელ წლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე დასტურდება, რომ ამ

ბავშებს ჯანმრთელობის ნაკლები პრობლემები აქვთ.

ახალშობილები და განსაკუთრებით საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები ხშირად ტირიან. მშობლებთან მათი კომუნიკაციის ენა ტირილია. ასე ეგუება მათი ნერვული სისტემა გარემო პირობებს. საოცარ დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ბეწვიანი ცხოველების ურთიერთობა მათთან და ასეთ ოჯახებში პატარებს ძილი უკეთესი აქვთ, ნერვული სისტემა კი უფრო მშვიდი. ალერგიისა და ჭარბი წონის რისკიც ნაკლებია. კანადაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ბავშვები ეჩვევიან ცხოველებთან ერთად აქტიურ ცხოვრებას, ასეირნებენ, დარბიან, თამაშობენ მათთან ერთად, ეფერებიან, ეხუტებიან. ძაღლებისა და კატების სხეულზე არსებული სასარგებლო, ჯანმრთელი ბაქტერიები, როგორებიცაა ოსცილოსპირა, რუმინოკოკი, პატარებს მათთან შეხების შედეგად გადაეცემათ და ეს ყველაფერი მათი იმუნიტეტის გაძლიერებას იწვევს, რაც განსაკუთრებით იმ პატარებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებიც საკეისრო კვეთით მოევლინენ ქვეყანას.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ სახლში ცხოველის ყოლა ამცირებს დედისგან B ჯგუფის სტრეპტოკოკის გადაცემის ალბათობას, რაც ახალშობილებში პნევმონიის განვითარების რისკის შემცველია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×