დახურვა
სტილი
21.10.2021

სკოლებში კორონავირუსის თავიდან არიდების მიზნით, მონიტორინგი გამკაცრდა. კვლავ აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით ინტენსიურად უტარდება. გარდა ამისა, შემუშავებულია მთელი რიგი რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც აუცილებელია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლე, მასწავლებელი და ადმინისტრაციის თანამშომელი ატარებდეს პირბადეს და იცავდეს ჰიგიენის ნორმებს. ხორციელდება თერმოსკრინინგი როგორც სკოლაში შესვლისას, ასევე ტრანსპორტში ასვლისას. ეს იმ შემთხვევაშიც, თუ მოსწავლეებს ტრანსპორტი ემსახურებათ.

თერმოსკრინინგისას ცხელების - 37 С ან 37 С -ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით 15 წუთიან შუალედში, მოსაცდელ სივრცეში; ვერცხლისწყლის თერმომეტრი სავალდებულოა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით ყოველი გამოყენების შემდეგ;

სიცხის გადამოწმების შემდეგ 37 С ან 37 С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:

ნებისმიერი პირი არ დაიშვება სკოლაში და ეძლევა რეკომენდაცია მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს/112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად;

მოსწავლეს (მიუხედავად მისი ასაკისა) მოარგეთ პირბადე და განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია მოსწავლე დროულად გაიყვანოს სკოლიდან;

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად, გადამისამართების მიზნით;

საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა პირს (მათ შორის, მოსწავლეს) უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1 მეტრიანი დისტანცია და მოსწავლეები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;

რესპირატორული სიმპტომების (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.), ან ცხელების სასწავლო პროცესის დროს გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე (პირბადით) დროებით გადაყვანილი უნდა იყოს საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად გადამისამართების მიზნით;

არსებული რეკომენდაციებით, სკოლაში მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ადმინისტრაცია/კლასის დამრიგებელი ვალდებულია, დაადგინოს და წერილობით დააფიქსიროს გაცდენის მიზეზი;

სკოლა გაკვეთილების დაწყების დროსა და საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობას თავად განსაზღვრავს. შესვენებები 10 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. მაქსიმალურად შეზღუდულია ვიზიტორების შესვლა სკოლის ტერიტორიაზე, ხოლო მშობლებთან ან სხვა გარეშე პირებთან კომუნიკაციის დროს მასწავლებლებს რეკომენდაცია ეძლევათ, რომ დისტანციურ შეხვედრებს მიანიჭონ.

მოსწავლეების ვალდებულებები:

დაიცავით ჰიგიენის წესები;

დაიცავით სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესები;

დაიმუშავეთ ხელები სადეზინფექციო ხსნარით იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება ხელების დაბანა თხევადი საპნით და ერთჯერადი ხელსახოცით გაშრობა;

დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით ხილული დაბინძურების შემთხვევაში ან ბიოლოგიური სითხეების მოხვედრისას;

დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი (რომელიც ერთჯერადი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება გადაგდებას) ან მოხრილი იდაყვი;

მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;

სწავლების პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება;

არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს;

პირბადე მოირგეთ სახეზე ისე, რომ იგი სრულყოფილად ფარავდეს ცხვირს, პირს და ნიკაპს.

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ვალდებულებები:

ცხელების/რესპირატორული დაავადების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;

V-XII კლასის მოსწავლე უზრუნველყავით პირბადით;

სკოლაში ყოფნის პერიოდში ცხელების/რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად გაიყვანეთ მოსწავლე სკოლიდან და უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის/სოფლის ექიმთან, ან დაუკავშირდით 112-ს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად;

სახლის პირობებში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში შეატყობინეთ კლასის დამრიგებელს;

სახლის პირობებში ცხელების ან სხვა რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენისას უზრუნველყავით ბავშვის მიმართვა ოჯახის/სოფლის ექიმთან, ან დაუკავშირდით 112-ს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

სკოლის სამედიცინო კაბინეტში უნდა იყოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის აუცილებელი მინიმალური აღჭურვილობა და მედიკამენტები. გადაუდებელი შემთხვევის დროს სასწრაფო სამედიცინო მომსახურების ბრიგადის გამოძახებისა და მშობლების ინფორმირების უზრუნველყოფა სკოლის დირექციის მოვალეობაა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მოსვლამდე სკოლის სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს ექიმამდელი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას.

კაბინეტში თვალსაჩინო ადგილას განთავსებული და ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველი დახმარების ინსტრუქცია/პროტოკოლი.

მოსწავლის დაინფიცირების შემთხვევაში, კონტაქტირებულებად ჩათვლის იმ თანაკლასელებს, რომელთაც არ ეკეთათ ან არასათანადოდ ეკეთათ პირბადე, მიუხედავად ინფიცირებულის მიერ პირბადის ტარებისა.

დაავადების გადატანის შემდეგ მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი სასწავლო პროცესს დაუბრუნდება ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე. გამოჯანრთელების შესახებ ცნობას გასცემს ექიმი და არ საჭიროებს პჯრ ტესტირებას. ტესტირების შედეგი არ არის გამოჯანმრთელების განმსაზღვრელი და მისი მოთხოვნა სასწავლო დაწესებულების ან სხვა პირის მიერ დაუშვებელია;

მოსწავლის/მასწავლებლის/თანამშრომლის ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში, სასკოლო პროცესს ჩამოშორდება მხოლოდ კონკრეტული მოსწავლე/მასწავლებელი/თანამშრომელი და ეს ვითარება არანაირად არ გავრცელდება იგივე კლასის სხვა მოსწავლეებზე ან მასწავლებლებზე;

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გვითხრეს, თუ მოსწავლის ოჯახის წევრი ავადაა, სასურველია, მშობელმა სკოლის ადმინისტრაციას შეატყობინოს, თუმცა ეს სავალდებულო არ არის.

წყარო: mshoblebi.ge.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×