დახურვა
სტილი
16.11.2021

ნინო კასრაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მსახიობია, რომელიც ხშირად ჩანს როგორც ტელეეკრანებზე, ისე თეატრის სცენაზე. ნინო კასრაძე 1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა, 1993 წელს კი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ამავე წლიდან, წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრის დასში ირიცხებოდა. მას არაერთ ცნობილ ფილმში, სერიალსა თუ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგალითად, „ორფეოსის სიკვდილი“, „გასეირნება ყარაბაღში“, „ირინეს ბედნიერება“, „მაკბეტი“, „ჰამლეტი“ და სხვ. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლით გახდა.

ამჯერად ნინო კასრაძესთან ინტერვიუ „ტვ პირველმა“ ჩაწერა. როგორც მსახიობმა განმარტა, მისი პრიორიტებები მუდმივად იცვლება, თუმცა გამორჩეულად უყვარს ინგმარ ბერგმანის ფილმი „ფანი და ალექსანდერი“, საყვარელი სპექტაკლის დასახელება კი უჭირს. ნინო კასრაძემ მაყურებელ გაუმხილა, რომ მისი დიდი ოცნებაა, შეძლოს, ნახოს, როგორი იქნება საქართველო 100 წლის შემდეგ, ხოლო ფრაზა: „ჩემზე ამბობენ...“ ასე დაასრულა: „დღეს ისეთი დროა, აღარ ვიცი, ვისზე რას ამბობენ...“ მან თქვა ისიც, რომ რაც უნდა გადაუხადონ, არის რაღაცები, რასაც არ გააკეთებს. „გადახდის გარეშეც ბევრ რამეს არ ვიკადრებ“ - ამბობს ის. ნინო კასრაძემ ოჯახზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი ტყუპისცალი საერთოდ არ ჰგავს. აღნიშნა, რომ ყველაზე ბედნიერი მაშინ იყო, როცა მისი შვილები დაიბადნენ და ის ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარ მშობლებს სიბერე შეუმსუბუქოს. „რამდენჯერ მყვარებია?! ერთხელ... სიყვარულია ის, რის გამოც ცხოვრებას აზრი აქვს. ცხოვრებისფერია სიყვარული...“ ნინო კასრაძეს ჰყავს მეუღლე ლექსო თოფურია და ორი შვილი, სალომე და ლუკა.„ვერ ვიტყვი, რომ თავმდაბალი ვარ. მინდა, რომ ასე იყოს, თუმცა თავში არავარდნის თვისება მაქვს უბრალოდ. ვოცნებობ, რომ ოდესღაც სისადავეს მივაღწიო შინაგანად“ - თქვა ნინო კასრაძემ, ხოლო ინტერვიუ დაამთავრა ფრაზით: „გვიყვარდეს ერთმანეთი!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×