დახურვა
სტილი
10.03.2023

7 მარტს აქციაზე დაშავებულ ზაზა ბირიაშვილმა თვალში მხედველობა დაკარგა. გარდა ამისა, კაცს არაერთი დაზიანება აქვს მიღებული სახის არეში. ამის შესახებ ნეტგაზეთს ბირიაშვილის მეუღლემ უთხრა.

„საავადმყოფოდან გამოწერეს და ახლა მოვედით სახლში. თვალი დაკარგა, მხედველობა საერთოდ აღარ აქვს. აღდგენის არანაირი შანსი არ არის, მხედველობა რომ აღუდგეს ცალ თვალში. მხოლოდ თვალი შენარჩუნდა, მაგრამ ექიმი მხედველობის აღდგენის იმედს არ გვაძლევს.

შუბლი და ცხვირი აქვს გახეთქილი. ასევე აქვს დალურჯებები, ტვინის შერყევა, ღებინება და ამასთანავე, ის სიმპტომები, რაც ტვინის შერყევას ახლავს," -უთხრა მაია გორგოშიძემ ნეტგაზეთს.

ზაზა ბირიაშვილი აქციაზე 7 მარტს წავიდა - იმ დღეს, როდესაც „ოცნებამ" რუსული კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ქალი იხსენებს, რომ სახლიდან 20:00 საათზე გასული ქმრისგან ზარი მხოლოდ გვიან ღამით, 02:00 საათისთვის მიიღო: „ნიუ ჰოსპიტალში ვარო და წავედი".

„არ ვიცით რა მოხვდა, ექიმიც ვერ ამბობს. თითქოს იძახიან, რომ ტყვიები არ იყო გამოყენებულიო, მაგრამ მე არ ვიცი. ვინც იყენებდა ტექნიკას და რასაც აკეთებდნენ, მათ ეცოდინებათ. ექიმმა მითხრა სხვა დროსაც შემოუყვანიათ თვალის დაზიანებითო, მაგრამ მსგავსი დაზიანება არავის ჰქონია. ეს რაღაც საშინელებააო. დამტვრეული კვერცხი გავამთელეო, ასე მითხრა. თვალის ბადურა მთლიანად ჩამოშლილია, უბრალოდ, თვალი თავის ადგილზე კოსმეტიკურად არისო."

ბირიაშვილი „თბილსერვის ჯგუფში" მუშაობს. მისი მეუღლე განმარტავს, რომ საყოველთაო დაზღვევამ ოპერაციის ნაწილი, 1500 ლარი დაფარა, თუმცა დაახლოებით, 800 ლარი კლინიკაში 1 თვის განმავლობაში მაინც გადასახდელია. ბირიაშვილს დაზღვევა არ აქვს, არადა მას არაერთი გამოკვლევა და პრეპარატები ესაჭიროება. ოჯახი გეგმავს, რომ მიმართოს გამგეობასაც.

„მე მინდა, ჩემი მეუღლე ისეთი, როგორიც იყო, სანამ იქ წავიდოდა," - ამბობს დაშავებულის ცოლი.

ნეტგაზეთი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×