დახურვა
სტილი
17.03.2023

პოეტი, განათლების სპეციალისტი, ოთხი შვილის დედა, ანა ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რა სირთულეებთან უწევთ საქართველოში მშობლებს გამკლავება:

„ატყობ შვილს, რომ რაღაც განსაკუთრებული მისწრაფებები აქვს. ხედავ, რომ მას მხოლოდ ეს რაღაც აინტერესებს და მხოლოდ ამაზე ფიქრობს, მაგრამ ხელს ვერ უწყობ ვერანაირად, იმიტომ, რომ ნეტავ საარსებო მინიმუმი შეგაძლებინა...

საჭმელს ყიდულობ შვილისთვის, რასაც ჰქვია ცეცხლის ფასად და თან იცი, რომ არაფერი კვებითი ღირებულება მასში არ არის, პირიქით ზოგჯერ საზიანო უფროა და რაც სასარგებლოა, იმას ვერ სწვდები.

ავად გაგიხდება შვილი და გული გისკდება. მაშინვე საშინელი ფიქრები მოგდის - ფული არ გეყოფა, ექიმებს კომპეტენცია არ ეყოფათ, დაგაგვიანდება, რამე გამოგრჩება...

ღმერთმა არ ქნას, სასამართლო დაჭირდა შენს შვილს, კედელზე რაღაც მიაწერა, აქციაზე გამოვიდა, ჩხუბი მოუვიდა...გული გისკდება ფიქრით - გააჩნია ვისი ინტერესია, ვინ მოგისმენს, ვინ დაგიცავს, კომპეტენციას ვინღა ჩივის. პირველი გახსენდება, ლუკა სირაძე...

შატალოზე გაიპარება და გული გისკდება, ისე არ იცელქოს, ისეთ რამეს არ შეეხოს, არ გადაძვრეს, რაც მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის. გახსენდება პატარა მარიტა..

სკოლაში, ან სპორტზე უშვებ ბავშვს და ღმერთმა არ ქნას გადაამოწმო და 5 წუთი დაიგვიანოს, გახსენდება გორში მანიაკის მიერ გაუპატიურებული და მოკლული 9 წლის გოგო...

საღამოს, საქანელაზე საქანაოდ გთხოვს შვილი გასვლას და ვერ გაუშვებ, ეტყვი, რომ ეგრე თამაშობდა პატარა გოგო და მერე ავტოფარეხებში, ხეებში გახლართული უგონოდ იპოვა დედამ და მამამ. და ვერ გადაარჩინეს.

არაფერს არ ვუტრირებ და არც ამ მსხვერპლების სახელებით ვცდილობ, ემოციური გავლენისთვის ქადაგებას.

უბრალოდ, შეშლამდე შეიძლება მიგიყვანოს ამ ფიქრებმა, როცა ამ ქვეყანაში არაფერს წარმოადგენ. ისიც მიფიქრია, რომ შვილის გაჩენა ამ ქვეყანაში პასუხისმგებლობა კი არა, ყველაზე სახიფათო რისკია.

რისთვის ვირჩევთ ამ ხელისუფლებებს?! რისთვის ვუხდით ამხელა გადასახადებს?! მართლა ჯანმრთელობის ფასად, უმეტესად მონურ ანაზღაურებაზე ვმუშაობთ და შვილებისთვის არა კვება, არა შესაბამისი განათლება, არა მიმღებლობა, არა სამართლიანობა, არა სიცოცხლის უსაფრთხოება.

ეს პოლიტიკა კი არა, ადამიანობასთან შეუთავსებელი ბოროტებაა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×