დახურვა
სტილი
07.09.2021

„კურკოს ტყე“ – ამ დასახელებით ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მისმა მეგობრებმა დუშეთში საცხენოსნო კლუბი ჩამოაყალიბეს. „კურკოვუდსი“ მარტო ცხენების მოყვარულთათვის არ არის მიმზიდველი ადგილი, ამის შესახებ დეტალურად მოგვითხრობს ყოფილი პირველი ლედი.

მაკა ჩიჩუა: ეს იდეა გიორგისგან და მისი მეგობრებისგან წამოვიდა, მათ ძალიან უყვართ ცხენები. გიორგი ბავშვობიდან დადიოდა იპოდრომზე. ძალიან პატარამ ისწავლა ჯირითი და იპოდრომიდან მთაში გადაინაცვლა. ძალიან კარგი მხედარია. რადგან ქალაქგარეთ ვცხოვრობთ, მაგრამ არც ისე შორს ქალაქიდან და ჩვენთან არის არაჩვეულებრივი ადგილები საცხენოსნო ტურებისთვის, გიორგიმ და მისმა სამმა მეგობარმა გადაწყვიტეს, რომ საცხენოსნო კლუბი ჩამოეყალიბებინათ.

ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ და ძირითადად, ნატურალური მასალით, ბევრი რამ, მათ შორის მონარჩენი მასალებიც, ჩვენ და გიორგის მეგობრებს გვქონდა ოჯახებში.

„ეარბიენბიზე“ ვაქირავებთ ჩვენს კოტეჯს და უცხოელებიც გვეუბნებიან ხოლმე, გარდა იმისა, რომ ფოტოებიდან გარემო და კოტეჯი ძალიან მოგვეწონა, განსაკუთრებულად გვინდოდა აქ მოვხვედრილიყავითო – როგორია, პრეზიდენტთან მიდიხარ ტყეში. აღტაცებულები არიან, როცა ხედავენ, როგორი უშუალოა პრეზიდენტი და თავის ხელით აკეთებს ყველაფერს. დღეს ეს არის კულტურა და ეს არის მოდა. 

როგორც ჩანს, ყოფილი პირველი ლედისთვის ფული და გავლენა არ არის მნიშვნელოვანი, მისთვის მთავარია საკუთარ ღირებულებებს არ უღალატოს. „ხანდახან რომ მეკითხებიან, პირველ ლედობაზე გიოცნებიათო, ვწუხდები. ცხოვრებაში არაფერზე მიოცნებია, ყველაფერს, კარგსაც და დარდიანსაც ვიღებ, ვიცი, რომ ეს ჩემი გასავლელია. ჩემთვის მთავარია, ჩემს ღირებულებებს არ ვუღალატო. საკუთარი პრინციპების დაცვა ძვირი გვიჯდება, კონფორმისტობაა ძალიან მარტივი, უცებ გადაეწყობი იმაზე, რაც გაწყობს და აღმოჩნდები იქ, სადაც მეტად თბილი ადგილია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე რთულია, თავი ვიგრძნო ადამიანად, ვინც საკუთარ ღირებულებებზე თქვა უარი – სირცხვილია ასე ცხოვრება.“

წყარო: ჟურნალი „თბილისელები“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×