პოპულარულ და მომხიბვლელ ტელეჟურნალისტს, ნინო თოლორდავას და მის მეუღლეს, ბიზნესმენ გიორგი დავითაიას ახლახან სუროგაციის გზით ვაჟი, თადა-ერეკლე შეეძინათ. როგორც ჟურნალისტი fortuna.ge-სთან ამ დიდი ემოციების გაზიარებისას ამბობს, არასდროს ღირს ფარ-ხმალის დაყრა შვილისთვის ბრძოლაში, რადგან ეს ამქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ნინოს პირველი ქორწინებიდან ჰყავს ვაჟი, ამიკო, რომელიც ახალშობილ ძმას, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, თავს ევლება და დედას მის მოვლაში ეხმარება...
ნინო თოლორდავა გვიზიარებს, როგორ გრძნობს თავს ყველაზე სანუკვარი ოცნების ასრულების შემდეგ:
"წარმოუდგენელი ემოცია იყო, როცა თადა-ერეკლე პირველად დავინახე. გვგავს ორივეს, მაგრამ ზოგი უფრო მე მამსგავსებს, ზოგი - ჩემს მეუღლეს.
თადას დარქმევა გიორგის უნდოდა, ერეკლე მინდოდა მე. გამოვიდა თადა-ერეკლე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს ეს სახელი (იღიმის).
განსხვავებული შეგრძნებები შეიძლება იყოს, რადგან ჩემი პირველი შვილი, ამიკო რომ გავაჩინე, 18 წლის ვიყავი. ალბათ, ახლა უფრო ვაანალიზებ, რას ნიშნავს, იყო პატარა ადამიანის დედა, რომელიც შენი სამყაროა. ვაანალიზებ, რომ ამ ცხოვრებაში ჩემი ერთგვარი მისია შევასრულე...
ამიკო ძალიან მზრუნველი ადამიანია და ვატყობ, რომ ძალიან შეუყვარდა თადა-ერეკლე. ყოველდღიური ურთიერთობა აქვს და ცდილობს, ყველაფერში დამეხმაროს.
დღის რეჟიმი, რა თქმა უნდა, შეიცვალა, იმიტომ, რომ სახლში გვყავს პატარა, ნანატრი შვილი. მართალი გითხრათ, არც გვაქვს სადმე წასვლის სურვილი. მოცემულ მომენტში, ამ პერიოდში ვართ სახლში, ბავშვთან. თადა-ერეკლეს დაბადების დღიდან ჩვენთან არის ძიძა, რომელიც ბავშვის გაზრდაში გვეხმარება." - ამბობს ნინო თოლორდავა fortuna-თან საუბრისას.
წყარო: fortuna.ge