დახურვა
სტილი
19.09.2024

ტელეწამყვანი მაია ასათიანი ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და კესარიასთან ბოლო მიმოწერის შინაარსს ასაჯაროებს.

„ახლა ვნახე ჩვენი ბოლო მიმოწერა. მწერს, რომ ყოფილი პარტნიორი სთხოვს შერიგებას და მისი „მესიჯი" სიტყვა სიტყვით ასეთია: „რომ შევურიგდე, აუცილებლად მომკლავს".

თითოეული თქვენგანი, ვინც ახლა ტირაჟირებთ, რომ ხელისუფლების ჰომოფობიური კანონი აქ არაფერ შუაშია და ეს არის ყოფით ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა, ჩემი აზრით, ხართ მომდევნო დანაშაულის თანამონაწილე.

კესო იყო ძალადობის მსხვერპლი, რამდენიმე თვის წინ მას ტვინის შერყევა და მრავლობითი დაჟეჟილობები ჰქონდა. ისმის შეკითხვა - რატომ არ მიმართა მან პოლიციას? პასუხი ძალიან მარტივია - ტრანსგენდერი ქალი, როდესაც სახლიდან გადის, ბოლომდე არაა დარწმუნებული, მშვიდობით მივა თუ არა სახლში.

კესო არასდროს იმჩნევდა იმ უხამს გამონათქვამებს, შეურაცხმყოფელ ნათქვამებს, რომელსაც მიაძახებდნენ ხოლმე და რაც მთავარია, ესენი იყვნენ მამაკაცები. არ იმჩნევდა წყევლა-კრულვას ქალებისაგან. გაგიკვირდებათ და ამ ყველაფერს პოზიტიურად უყურებდა. იმიტომ რომ მან ძალიან ბევრი იბრძოლა, რომ ყოფილიყო ისეთი, როგორიც ყველას გვახსოვს: ლაღი თამამი და ძლიერი და ძალიან ლამაზი ქართველი ქალი.

როცა ის ძალადობის მსხვერპლია, ის ვერ მიმართავს პოლიციას, იმიტომ რომ არ არის დარწმუნებული, პოლიცია უფრო უარესი მოძალადე გახდება, თუ არა.

არ არის დარწმუნებული, რომ მას პოლიცია დაიცავს.

ერთი ასეთი შემთხვევა იყო. როდესაც ის ბარსელონაში სილამაზის კონკურსზე მიდიოდა, ერთმა ძალიან ცნობილმა ქართულმა ბრენდმა არ ათხოვა მას ქართული ეროვნული სამოსი, იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა ეროვნული ღირსების შეურაცხყოფა და მერე ლელა წურწუმიამ გაატანა თავისი კაბა.

როდესაც ერთ-ერთმა ესპანურმა არხმა ჰკითხა, იყო თუ არა მის ქვეყანაში ჰომოფობიურად განწყობილი საზოგადოება, კესომ თქვა, რომ მის ქვეყანაში ჰომოფობია არ იყო და საქართველო ძალიან ტოლერანტული ქვეყანა იყო.

ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რომ ვკითხე, ასე რატომ მოიქეცი-მეთქი, მიპასუხა, ამ ასპარეზზე მე ჩემ ქვეყანაზე ცუდს ვერ ვიტყვიო.

ჩვენ ახლო ურთიერთობა გვქონდა და ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ეს ურთიერთობა სხვანაირი ფორმებით გაგრძელდა.

მე ძალიან ცოტა ახლო მეგობარი მყავს, არ ვუშვებ ხოლმე ახლოს ადამიანებს, მაგრამ ერთმა ფაქტმა ჩვენ ძალიან დაგვაახლოვა.

ნუცას გარდაცვალების შემდეგ დაკრძალვაზე მოვიდა კესო. გვერდზე მომიჯდა და მითხრა, ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზეო, ძალიან გამიკვირდა. საქართველოში რანაირად შეიძლება იცხოვრო ისე, რომ დაკრძალვაზე არ წახვიდე. მითხრა, ვერ დავდივარ, მეშინია, რომ გამაგდებენო...

კესო ყველაფერს პოზიტიურად უყურებდა. მას ყველაფრად უღირდა ასეთ ლამაზ ქალად ყოფნა. სიცოცხლის ხანგრძლივობის მოკლებაც კი". - ამბობს მაია ასათიანი.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

კესარია აბრამიძეს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ის გუშინ საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში იპოვეს მოკლული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×