ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ სოციალურ ქსელში ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. როგორც ვიდეომიმართვაში განაცხადა, ბიოლოგიურმა მამამ მისი არსებობის შესახებ არ იცოდა, ხოლო ბიოლოგიურ დედას მასთან ურთიერთობის სურვილი არ აქვს.
"დედასთან შეხვედრის ვიდეო ვერ დავდე, იმიტომ რომ არ სურს გამოჩენა. მას აქვს სიმსივნე, მძიმე ფორმებში. დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა, რას ვიზამთ, ყველას არ შეიძლება უნდოდე და მოსწონდე." - ამბობს თამუნა.
ჟურნალისტის ვიდეო უამრავმა ადამიანმა გააზიარა. მათ შორის იყო მწერალი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და მის შესახებ არაერთი სტატია გვაქვს მომზადებული. ცისნამიც გაშვილებულია, როგორც თამუნა და ბიოლოგიურმა დედამ ამ შემთხვევაშიც შვილთან კონტაქტზე უარი განაცხადა.
ცისნამი საყვარლიშვილი:
"თამუნას ახალი ვიდეო ვნახე და არ შემიძლია კომენტარი რომ არ გავაკეთო. რა ერთნაირი ბედი გვქონია. თამუნას ბიოლოგიურ დედას, ჩემი ბიოლოგიური დედასავით არ უნდა შვილთან ურთიერთობა და სიახლოვე. როგორც თამუნამ თქვა. რას ვიზამთ, ყველას ვერ ვეყვარებით და ვენდომებით. მაგრამ, არის დიდი მაგრამ!
დედა ხარ შენ ჩემი და შენ თუ ჩემთან ურთიერთობა არ გინდა, მე მინდა და მე მჭირდება როგორც სასმელი წყალი!
შენი აღიარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საშინლად მსჯი. მთელი ცხოვრება ამ კომპლექსით უნდა ვიცხოვრო, რომ დედას არ ვუნდივარ. ხანდახან ვფიქრობ, ნუთუ ასეთი ცუდი ვარ? რა დავაშავე ასეთი? მე ხომ არ მითხოვია რამე, გარდა იმისა, რომ მაღიარო როგორც შვილი.
თამუნა, შენს გვერდით ვარ. მე ვიცი რასაც გრძნობ და განიცდი. მე მესმის შენი ტკივილი, რადგან მეც იგივე ტკივილით ვცხოვრობ.
დედის სიყვარული მაკლია და მინდა. სანამ ცოცხალი ვიქნები ვიბრძოლებ ამისთვის.
თამუნა წარმატებები ყველგან და ყველაფერში. შენს გვერდით ვარ.
დედისგან არაღიარებული შვილი - ცისნამი".