პოპულარული იუმორისტი, ვახო ბიჭიკაშვილი უკვე ორი წელია, აშშ-ში ცხოვრობს, მუშაობს, სწავლობს და მომავლის გეგმებს აწყობს. ახლახან მან მომღერალ მარიამ ელიეშვილის გრანდიოზული ქორწილი მოაწყო ფილადელფიაში და როგორც fortuna.ge-სთან საუბრისას ამბობს, აპირებს, ამ საქმეს ხელი სერიოზულად მოჰკიდოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ის მხოლოდ ქართველებისთვის მუშაობს. ოჯახი, სამწუხაროდ, საქართველოში ჰყავს და მადლობას უხდის მეუღლეს, რომელიც შვილებზე ზრუნავს...
ვახო, რამდენი ხანია, რაც აშშ-ში გადახვედი საცხოვრებლად და რამ გადაგაწყვეტინა ემიგრანტობა?
ორი წელია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ, ესე გადაწყვეტით არ მქონია განზრახული აქ ცხოვრება, უბრალოდ, რამდენიმე საკითხი გახდა ჩემი აქ დარჩენის მიზეზი. ერთ-ერთი ძირითადი აღმოჩნდა ინგლისური ენის სწავლა და მუშაობა რამდენიმე საინტერესო პროექტზე, თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით და სრული ემიგრანტული ყოფის დაცვით აქაური რეალობის გავლა (იღიმის).
ეს არ არის ადვილი გზა - შენი თავი სხვა ქვეყანაში როგორ იპოვე, მოგვიყევი, რა სიძნელეები შეგხვდა და როგორ გადალახე...
სიმართლე გითხრა, ჩემი საქმიანობა აქაც ძალიან დამიფასდა, რადგან უამრავი ქართველი ცხოვრობს დღეს შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, სიყვარულიც და საკუთარი საქმიანობაც არ მომკლებია ნამდვილად, თუმცა ემიგრაციას ახლავს ისეთი წერტილოვანი რთული გზების გავლა, როგორიც არის ადამიანების მონატრება, შენს ქვეყანასთან განშორება და ბევრი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული დეტალი, რაც რა თქმა უნდა, უფრო გაძლიერებს და ყოჩაღს გხდის, თუმცა ნამდვილად არ არის მარტივი და ვერავის ვერასდროს ვურჩევ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას.
ოჯახზეც მინდა გკითხო - შენთან ერთად არის ცოლ-შვილი?
ოჯახი საქართველოში მყავს, ანდრია და ნიკოლოზი სკოლაში სწავლობენ და სოფო ყველაფერს აკეთებს, რომ ეს რამდენიმეწლიანი განშორება ამოავსოს და ბავშვებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, უამრავი რამეთი არიან დაკავებულები, სპორტი მუსიკა ხელოვნება, ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მეუღლის, ალბათ, ვერასდროს დავუბრუნებ იმ ამაგს, რასაც ის ჩვენი შვილებისთვის აკეთებს.
ახლახან მარიამ ელიეშვილის ქორწილის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღე. როგორც ვიცი, წვეულებების მოწყობით ხარ დაკავებული. კიდევ რას საქმიანობ აშშ-ში?
ჯერჯერობით, ჩემი ძირითადი საქმიანობა არის სწავლა, და ველოდები შესაბამის დოკუმენტაციას, რომ გავამყარო ჩემი მომავალი გეგმები, ვმუშაობ ქართველებთან და ვმუშაობ მხოლოდ ქართველებისთვის, პატრიოტიზმის მაჩვენებელი მაქვს უმაღლეს დონეზე, სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ყველაზე ქართულ და გრანდიოზულ წვეულებებს, ეს ბოლო პერიოდის წამოწყებული საქმიანობაა, რომელიც მომწონს და ვფიქრობ, ცოტა ხანში ძალიან დახვეწილი სახე მიეცემა ამ ყოველივეს.
დღეს რამდენად სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევ, რომ საზღვარგარეთ წახვედი?
ვფიქრობ, ყველაფერი სწორია, რასაც ადამიანი გადაწყვეტს, ბევრ რამეს სხვანაირად ვიზამდი, უფრო ნაკლებ დროს დავკარგავდი არასწორი ადამიანების მოსმენაში და მალე მივიდოდი დანიშნულ ადგილამდე, მაგრამ არც მაგას ვნანობ აქ ყველაფერი უდიდესი გამოცდილებაა.
ალბათ ყველა თუ არა, ემიგრანტების უმრავლესობა ფიქრობს, როდის დაბრუნდება თავის სამშობლოში. შენ რა გეგმები გაქვს დაბრუნებასთან დაკავშირებით?
საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები, საქართველო მთავარი ორგანოა - „გული", რის გარეშეც მე ვერ ვიცოცხლებ, ისევე, როგორც ვერ იცოცხლებს ვერავინ გულის გარეშე!
წყარო: www.fortuna.ge