18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
პროკურატურამ რამდენიმე საათის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნულია შემდეგი:
"სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბ.ჯ.-სთან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება - "ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა", სადაც მან დანაშაულის ჩადენა აღიარა."
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ჟურნალისტების შეკითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავს იკავებს. სალომე არდოტელის თქმით, გამოძიება დაცვის მხარის მხრიდან, ადვოკატის მიერაც მიმდინარეობს, შესაბამისად საქმის გარემოებებზე, გამოკითხვის ოქმებზე თუ სხვა საგამოძიებო ექსპერიმენტებზე საუბარი დაუშვებელია.
"საქმის მასალები დღეს გადმოგვეცა, გავეცნობით და შემდეგ უფრო მარტივი იქნება, რომ კონკრეტული პოზიცია დავაფიქსირო. მიმდინარეობს გამოძიება დაცვის მხარის მხრიდანაც ადვოკატის მიერ რაიმე განმარტების გაკეთება ამ საქმესთან დაკავშირებით რთული იქნება, შესაბამისად, რადგან ჩემი დასაცავი პირიც იყენებს დუმილის უფლებას საქმის გარემოებებზე, გამოკითხვის ოქმებზე თუ სხვა საგამოძიებო ექსპერიმენტებზე კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგაწვით", - ამბობს არდოტელი.