დახურვა
სტილი
02.10.2024

მომღერალმა არჩილ ცანკაშვილმა და რადიოწამყვანმა ნანკა ქოქიაშვილმა ახლახან ჯვარი დაიწერეს. წყვილი რამდენიმე წელიწადია, უკვე ცოლ-ქმარია, თუმცა ჯვრისწერა მხოლოდ ახლა მოახერხეს. ამ ულამაზეს დღეს მათი უსაყვარლესი ქალიშვილიც ამშვენებდა, რომელიც ორი წლის გახდა, დედა-შვილს კი ერთნაირი კაბები ამშვენებდა. იმავე დღეს ცანკას კონცერტიც გაიმართა „ოტიუმში", რომელსაც უამრავი მსმენელი ესწრებოდა.

ნანკა ქოქიაშვილი fortuna.ge-ს უფრო ვრცლად უყვება ამ შესანიშნავი დღის შესახებ.

მოგვიყევით თქვენი ჯვრისწერის ამბავი, რატომ გადაიდო ამდენი ხნით და როგორ ჩაიარა?

არჩილი გალობს ლისიონის მამათა მონასტერში. იმავე ეზოში ახლახან დასრულდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის მშენებლობა. როდესაც ჩვენ შევუღლდით, ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, მაშინ ეს ტაძარი არ იყო. მშენებლობის პროცესი რომ მიმდინარეობდა, არჩილს სიტყვა ჰქონდა ნათქვამი და ჩათქმული, სურდა, ამ ტაძრის მშენებლობა რომ მორჩებოდა, პირველებს ჩვენ დაგვეწერა ჯვარი. როგორც კი დასრულდა ტაძრის მშენებლობა და წინამძღვარმა დაგვირეკა, მართალია, მოულოდნელი იყო და არ ვგეგმავდით, საბოლოო ჯამში ამ გარემოებებმა დააჩქარა ჩვენი სიყვარულის დაგვირგვინება.

ამ ცერემონიამ სადად, ლამაზად და წყნარად, ზედმეტი პომპეზურობისა და გაფორმებების გარეშე ჩაიარა, ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. ვიყავით სიძე-პატარძალი და მეჯვარეები...

თქვენი პატარაც ესწრებოდა ამ ღირსშესანიშნავ დღეს, როგორი დრო გაატარა? ერთნაირი კაბები სპეციალურად ამ დღისთვის შეიკერეთ?

მინდოდა, სამახსოვრო ფოტოები დაგვრჩენოდა და გადავწყვიტე, რომ ორივეს ახალი კაბები გვქონოდა. რაც შეეხება ჯვრისწერაზე დასწრებას, ჩემი გოგონა ძალიან მიჯაჭვულია მამას. დაინახავს თუ არა, სულ ხელში უნდა, რომ აიყვანოს. ჯვრისწერის ცერემონიას არ დასწრებია. გარეთ გველოდებოდა, არ გამოგვივიდოდა ჯვრისწერა მშვიდად (იცინის). როდესაც საკურთხეველთან ვიყავით და გვილოცავდნენ, მერე შემოგვიყვანეს ჩვენი პატარა. ასე რომ, მცირე მონაკვეთს დაესწრო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×