ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა, 24 წლის შემდეგ, მეორე შვილის დედა გახდა. მისი და გიორგი დავითაიას შვილი ქვეყანას ცოტა ხნის წინ მოევლინა. რეალობად ქცეულ ოცნებასა და ამით გამოწვეულ დიდ ემოციებზე ნინო „თბილისელებს" უყვება. აღსანიშნავია, რომ გიორგისა და ნინოს შვილი სუროგაციის გზით გაჩნდა.
"მთელი ცხრა თვე ერთი სული მქონდა, როდის დავინახავდი ჩემი შვილის სახეს. მე და ჩემი მეუღლე ვსაუბრობდით ხოლმე: შენი თვალი ექნება თუ ჩემი, შენი ცხვირი ექნება თუ ჩემი, ქერა იქნება თუ შავგვრემანი... სულ ამაზე ვფიქრობდი. ღამე რომ ვწვებოდი, ჩემი შვილის სახე მესიზმრებოდა. თან, შფოთი მქონდა, ძალიან ვნერვიულობდი. როდესაც პირველ შვილს ველოდი, ყველაფერი მარტივად იყო. არც ვნერვიულობდი, არც ვღელავდი. როგორი იქნება, ხომ ორივე ხელზე ხუთი თითი ექნება, ფეხზეც, არა? 24 წლის წინ ასეთ ელემენტარულ რამეებზე არ ვფიქრობდი (იცინის). ახლა ყველაფერზე ვღელავდი. სოციალურ ქსელში რამეს რომ წავიკითხავდი, ყველაფერს ჩემს თავზე წარმოვიდგენდი და ეს განცდებს მიმძაფრებდა.
ვიცოდი, რომ ამ ასაკში ეს მოლოდინი სულ სხვა ემოციებთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ რეალურად ეს ემოციები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდი. რომ ვხედავ ჩემი 20 წლის ოცნება რეალობა გახდა, ვერც აღვწერ, რას ვგრძნობ.
ახლა მე და გიორგი ვსხედვართ და ვსაუბრობთ ხოლმე, რას ვაკეთებდით თადა ერეკლეს გარეშე, როგორ ვცხოვრობდით. გიორგი მარტივად მპასუხობს: უბრალოდ, კარგად გვეძინაო (იცინის). მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო, ვეღარ წარმოგვიდგენია, მის გარეშე რას ვაკეთებდით." - ამბობს ნინო თოლორდავა.