„ალილოს" წევრი, მომღერალი გია დავითიანი ჟურნალ „გზასთან" საკუთარ პირად ბედნიერებაზე საუბრობს.
- ბატონო გია, თქვენი მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება ეწვიოს სიყვარული და ბედნიერება.
- რა თქმა უნდა, სიყვარულმა ასაკი არ იცისო, უთქვამთ. ბედნიერება ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოვიდეს, მაგრამ ამის უნდა გჯეროდეს. მე რაღაცნაირად მჯეროდა და იმედი მქონდა, რომ ცხოვრების გზაზე ჩემთვის მოსაწონ ადამიანს შევხვდებოდი. მართალია, ეს უბედურება მოხდა - ჩემი შვილების დედა გარდაიცვალა, რის გამოც, ძალიან მძიმე წუთები გამოვიარე, მაგრამ სულ მქონდა იმედი, რომ გამოჩნდებოდა ადამიანი, რომელიც ამ დიდ სიცარიელეს შემივსებდა. ამჟამად მარტყოფში ვცხოვრობ. 40 წელია აქაურობას ვალამაზებ და ვარემონტებ. მეგობრები ამბობენ, რომ აქ ნამდვილი სამოთხეა. ეზოში ჩანჩქერი და აუზი მაქვს. ჩემი სახლი ქალაქიდან 20 წუთის სავალზეა და აქ რომ მოხვდები, თითქოს, სხვა სამყაროში ხარ. ეს ყველაფერი რომ არ მქონოდა, ჩემს ცხოვრებას ალბათ, ფასი არ ექნებოდა.