დახურვა
სტილი
26.10.2024

ქალები საქართველოდან Women of Georgia სოციალურ ქსელში ქრისტინე მამუკაშვილის შესახებ წერს.

პუბლიკაციის ავტორი მაიკო ჩიტაიაა, ფოტო კი სოფო ლევადნაიას ეკუთვნის.

ქრისტინე დათი ქოქრაშვილის დედაა, რომელიც საზოგადოებამ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შემდეგ გაიცნო.

„შემთხვევა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ამოაყირავა" - ასე იხსენებს ქრისტინე მამუკაშვილი საზარელ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც 3 წლის წინ მოხდა.

ქრისტინე ქალები საქართველოდან Women of Georgia -ს უყვება, რომ შემთხვევის დღეს, დილით ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაიწყო. ის-ის იყო, სკოლის ტრანსპორტის მძღოლი უნდა მიახლოებოდა დათის ადგილსამყოფელს, როდესაც მას სწრაფად მიმავალმა BMW-ს მარკის ავტომობილმა მარჯვნიდან გზა ჩაუჭრა, წინ მიმავალ სატვირთოს დაეჯახა, შემდეგ კი საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე, სადაც დათი იდგა, მთელი სიჩქარით ავარდა.

ქრისტინე მამუკაშვილი ისტორიას ემოციურად იხსენებს. ამბობს, რომ თავდაპირველად შემზარავი ავარიის შესახებ სოციალური ქსელით გაიგო, თუმცა არ იცოდა, რომ საუბარი დათიზე იყო.

საბოლოოდ კი ქრისტინე იხსენებს, რომ დათის თავს მომხდარი ამბის შესახებ დედისგან შეიტყო:

ქრისტინე მამუკაშვილი, 39 წლის - ნიუ-ჯერსი, ამერიკა

შემთხვევა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ამოაყირავა, 3 წლის წინ მოხდა. მაშინ დათი 8 წლის იყო და როგორც ყოველთვის, იმ დილითაც სახლის წინ სკოლის ტრანსპორტს ელოდებოდა. მე და ჩემი მეუღლე ამერიკაში ვიყავით და დათის ბებია აცილებდა - ფანჯრიდან უყურებდა მანამდე, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ბავშვი ტრანსპორტში ჩაჯდა. ადგილი, სადაც დათი იდგა ხოლმე ტრანსპორტის მოლოდინში, უსაფრთხო იყო: წინ ავტობუსის ზოლია და ტროტუარისგან რკინის ჯებირები ყოფს. იმ დილითაც ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში დაიწყო. ის-ის იყო, სკოლის ტრანსპორტის მძღოლი უნდა მიახლოებოდა დათის ადგილსამყოფელს, როდესაც მას სწრაფად მიმავალმა BMW-ს მარკის ავტომობილმა მარჯვნიდან გზა ჩაუჭრა, წინ მიმავალ სატვირთოს დაეჯახა, შემდეგ კი საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე, სადაც დათი იდგა, მთელი სიჩქარით ავარდა.

მოგვიანებით, ერთ-ერთი თვითმხილველი მძღოლის მანქანაში დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერზე ვნახე, როგორ ცდილობდა ბავშვი მანქანისთვის თავის არიდებას, მაგრამ ვერ შეძლო და აჩქარებულმა რკინის მასამ ზემოდან გადაუარა. სასწრაფოს მოსვლისას ბავშვი გონზე იყო. ყველაფერი უთხრა, დათი მქვია და 8 წლის ვარო. იაშვილის კლინიკაში მისი გადარჩენა მოხერხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთლიანი ფეხის, მენჯ-ბარძაყის ჩათვლით, წელამდე, ამპუტაცია დასჭირდა. ეს ამბავი ამერიკაში შემთხვევით, ფეისბუქის პოსტებით გავიგე. მანამდე ახლობელმა მომწერა, როგორ არის ბავშვიო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მე არ ვიცოდი ეს ამბავი და მესიჯი წაშალა. თუმცა წაკითხვა მოვასწარი. შემდეგ პოსტები შემხვდა, შარტავაზე ავარია მოხდა, რომლის დროსაც 8 წლის ბავშვმა ფეხი დაკარგაო. ყველა მიმალავდა ამ ამბავს და ბოლოს დედაჩემს ეყო გამბედაობა, სიმართლე მოეყოლა.

საქართველოში დაბრუნებულებს დათი იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობაში დაგვხვდა, ვიდრე ამას გვეუბნებოდნენ და წარმოგვედგინა. იაშვილის კლინიკაში მას პირველადი დახმარება და ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში ექიმებს აღარ ჰყოფნიდათ არც კომპეტენცია და არც ტექნიკური აღჭურვილობა, რომ მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. ამიტომ, ამ ამბიდან ერთ კვირაში დათი ისრაელის კლინიკაში გადავიყვანეთ.

„ჩვენ იმდენად ვიყავით დაკავებულები დათის სიცოცხლის გადარჩენით, რომ დამნაშავის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ახლობლებისგან ვიგებდით. ავტომობილის მძღოლი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელზეც ზოგი ამბობდა, არ იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაშიო, ზოგი კი - მომხმარებელი იყო, მაგრამ იმ დილით ფხიზელი იყოო. საბოლოოდ, მას ამ დანაშაულისთვის უმაღლესი სასჯელი, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სამწუხაროდ, მისი ოჯახის მხრიდან ჩვენთან არავინ მოსულა: არც თანაგრძნობის გამოსახატავად, არც ბოდიშის მოსახდელად, არც დახმარების გაწევის სურვილის გამოსათქმელად. ალბათ, ასეთ დროს ადამიანს დიდი გამბედაობა და სულგრძელობა სჭირდება, რაც იმ მომენტში არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა. - ამბობს ქრისტინე მამუკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2025 by Stily. All rights reserved
×