დახურვა
სტილი
04.11.2024

საგარეჯოში, სოფელ ნინოწმინდაში დაბადებული გოგონას ოცნება, სულ ცოტა ხნის წინ რეალობად იქცა, ახლა მას უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს და შინ ნამდვილი ფორტეპიანო აქვს. ჟურნალ „გზის" რესპონდენტი ნინი ორკოშნელი გახლავთ, „მამას გოგო", პროექტიდან „ნიჭიერი".

- პროექტისთვის ფრანგული სიმღერა რატომ შეარჩიე?

- სანამ მამა ცოცხალი იყო, მან იცოდა, რომ ერთ-ერთ კონცერტზე ფრანგული სიმღერა უნდა შემესრულებინა. ჩემთვის არაფერი უთქვამს, წასულა, საკუთარი გემოვნებით კაბა შეურჩევია და მომიტანა, მითხრა, ფრანგულ სიმღერას მოუხდებაო. მას მოსწონდა და უყვარდა, ფრანგულ სიმღერას რომ ვმღეროდი. ეს ამბავი ნოემბერში მოხდა, კონცერტი 31 დეკემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ... ამ კაბის ჩაცმა და სცენაზე ასვლა ვერ შევძელი. მამა 30 დეკემბერს დავკრძალეთ. სწორედ მაშინ ვთქვი, რომ მე აუცილებლად დავდგებოდი დიდ სცენაზე და ფრანგულ სიმღერას შევასრულებდი.

- ბოდიშს გიხდი, ძალიან მტკივნეულ თემას რომ ვეხები, მამის შესახებ ცოტა მეტი მიამბე.

- პროექტში „მამას გოგო" დამარქვეს და ეს ძალიან მომეწონა. მამაჩემის გარდაცვალება მოულოდნელი იყო, მას არ უავადმყოფია, პერიოდულად მაღალი წნევები აწუხებდა, გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა. ჩემმა ძმამ მე და დედას გვითხრა, ინსულტი დაემართაო. უკვე საავადმყოფოში იყო, წავედით, მაგრამ მე იქ არ შემიშვეს. სანამ მამა გარდაიცვლებოდა, წინადღეს მე და დედიკო ვლაპარაკობდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მამა არ დამტოვებდა, მეორე დღეს კი სხვა რეალობაში გავიღვიძე. თავიდან არ მეუბნებოდნენ რა მოხდა, მაგრამ იცით, როგორ მივხვდი? დედაჩემის თვალებით. ეს მომენტი არასდროს დამავიწყდება, ბევრი ტირილისგან დედას თვალები სულ დაწითლებული ჰქონდა, მაგრამ არ უნდოდა ჩემთვის დაენახვებინა. მამის გარდაცვალების დღეზე ლექსიც მაქვს დაწერილი. "დილა არის, ვერ დავმშვიდდი.../ რაღაც ისე არ არის.../ იმედების ნაპერწკალი თურმე არ აქვს არავის./ თითქოს ცრემლის სუნი მომდის,/ თურმე დედის ცრემლია,/ არ მაჩვენებს თავის სევდას,/ მაგრამ მისთვის ძნელია./ ცრემლს თვალებში ინახავს და სისხლის ფერი რევია,/ მეც მაშინვე დავეჭვდი და შიშის გრძნობა მერია,/ შიშის გრძნობა? რაღაც ბნელია/ უფსკრულამდე მიგათრევს./ არ მინდა, რომ ამ უფსკრულში შემითრიოს ბოლომდე.../ შემითრია და მე მივხვდი, რომ ეს არის სიმართლე/ სიმართლეა? რატომ? რატომ?/ შენ ხომ სიტყვა მომეცი.../ დამპირდი, რომ ჩემთან ერთად იქნებოდი ყოველთვის".

ბიცოლასთან ვიყავი, როცა მამის გარდაცვალების ამბავი მითხრეს. ეს იყო შეგრძნება, რომელსაც სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ, თითქოს ამ სამყაროში აღარც ვიყავი.

- მამა რამდენი წლის იყო?

- 48-ის.

- უზომოდ თბილი იყო, სულ უნდოდა მასთან ვყოფილიყავი, სამსახურიდან ჩემთან ხელცარიელი არასდროს მოდიოდა. ყოველღამე ჩამიწვენდა საწოლში, ზღაპრებს მიყვებოდა, მელაპარაკებოდა და ასე მაძინებდა. 2 უფროსი ძმა მყავს, შეიძლება ჩემ მიმართ ასეთი განსხვავებული დამოკიდებულება იმიტომ ჰქონდა, რომ პატარა შვილი ვიყავი, თან - გოგო 2 ბიჭის შემდეგ. განსხვავებული მამა მყავდა.

წყარო: www.fortuna.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×