"გიორგის და მის მეგობარს ჰქონდათ რესტორანი. ხშირად მიწევდა მისვლა, ერთხელ გიორგის დავურეკე, თუ გაქვს ვაკანსიათქო, ნებისმიერ რამეზე ვიმუშავებო. მითხრა მოდიო და ჩემთან დაიწყე მუშაობაო, პრომოს პოზიციაზეო. მივედი და რომ ამიხსნა სიტუაცია იყო ასეთი - ინგლისური და რუსული უნდა მცოდნოდა. არ ვიცოდი არც ერთი ენა კარგად და ვუთხარი, ვერ დავიწყებ ამ პოზიციაზე მუშაობას, არ მინდა-მეთქი. სხვა რამეს მოვძებნითქო. ნუ მუშაობა რომ ვერ დავიწყე, ის პერიოდი ხშირად მივდიოდი გიორგის რესტორანში, მეგობრები შევიძინე. ერთ დღეს გიორგის მივწერე, რომ თუ ხარ ობიექტზე, ნახვა მინდა შენითქო. მითხრა, აქ ვარო ახლაო და ისეთ სიტუაციაშიო, ვერ აგიხსნიო, ქურდობა მოხდაო. დავინტერესდი, რა ქურდობა მოხდა, მანამდე იქ მეც ვიყავი.
მეორე დღეს მივედი და ერთ-ერთმა გამომიყვანა და მითხრა, რომ ძალიან მერიდება და შენ გადებენ ხელსო. გარკვეული თანხა დაიკარგა. თუ არ ვცდები 200 ლარი იყო. ძალიან ავნერვიულდი. იმ პერიოდში თან მიჭირდა, მაგრად მიჭირდა, ბანკის ვალი მქონდა, ერთ ადამიანს გამოუტანე და ვერ იხდიდა. რომ დავურეკე შემდეგ გიორგის, ნახვა მინდათქო და უარი თქვა. მას შემდეგ ხშირად მივწერე, რომ ნახვა და ახსნა მინდოდა, რომ არაფერ შუაში ვიყავი, მაგრამ არაფრით მოიცალა. ერთხელ დამირეკა "ამირანში" ვარო და გამოდიო ნახვა მინდაო. არც მაშინ დამელაპარაკა იმ თემაზე, მამაკაცის საუკეთესო სოლის შემსრულებლის ჯილდოზე მითხრა. წავიდა და მის შემდეგ არ შემხმიანებია. არ დამლაპარაკებია ამ თემაზე. მე არ მომიპარავს ეს ფული. როგორც გავიგე, მერე გაირკვა ყველაფერი, ისიც, თუ ვინ მოიპარა თანხა" - იხსენებს თედო ბექაური, მსახიობი, რომელიც ბოლო დროს კიდევ უფრო პოპულარული გახდა.