დახურვა
სტილი
23.11.2022

ბალენსიაგასთვის უჩვეულო კამპანიები თუ ჩვენებები უცხო არაა, თუმცა ახალმა პროექტმა მოდის სახლი კრიტიკის ქარცეცხლში გაახვია. ბრენდის საჩუქრების მაღაზიის კამპანიაში ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობენ. დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა აცვიათ, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება.

კამპანიამ სოციალურ ქსელებში საყოველთაო კრიტიკა მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ტვიტერზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა ბავშვების ფოტოებთან ერთად დოკუმენტის ფოტოც დადო, რომელიც, მისი მტკიცებით, "ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის" შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაა.

„ბალენსიაგამ თავისი ახალი პროდუქციისთვის ახლახან...საინტერესო...ფოტოსესია მოაწყო, რომელიც გამიზნულად ცუდად დამალულ სასამართლო დოკუმენტებს შეიცავს ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის შესახებ", - წერს მომხმარებელი.

გამოცემა Elle წერს, რომ სადავო დოკუმენტები უშუალოდ ახალი კამპანიის ნაწილი არ ყოფილა, თუმცა ბალენსიაგასა და ადიდასის საერთო კამპანიის ფოტოებში ნამდვილად ჩანს სასამართლო დოკუმენტი, რომელიც ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციასა და სხვა სახის ძალადობას ეხება.

ბავშვების ფოტოსესიისა და სასამართლო დოკუმენტების გამოყენების გამო ბალენსიაგამ სოციალურ ქსელებში ბოდიში მოიხადა.

„გულწრფელად გიხდით ბოდიშს ნებისმიერი შეურაცხყოფისთვის, რომელიც ჩვენმა სადღესასწაულო კამპანიამ გამოიწვია. ჩვენი სათამაშო დათვების ჩანთები კამპანიაში ბავშვებთან ერთად არ უნდა გამოჩენილიყო. კამპანია ყველა პლატფორმიდან დაუყოვნებლივ წავშალეთ", - ვკითხულობთ ბრენდის ინსტაგრამის "სთორიში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×