რუსთავის საქალაქო სასამართლომ, 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა, ბრალდებულებისთვის ეგანა მაგარამოვასა და ნატიკ მაგარამოვისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რადგან მათი მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის საფრთხე არსებობდა. ასევე, როგორც ბრალდების მხარემ აღნიშნა, მოკლულის ბიძა ქალზე ძალადობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევია და საზღვრის უკანონო კვეთაც უფიქსირდება.
როგორც პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა განაცხადა, ბრალდების მხარეს დასაბუთებული ვარაუდი აქვს, რომ დედამ და ბიძამ ჩაიდინეს ბავშვის იძულება - თავისი ნების წინააღმდეგ გათხოვილიყო.
"სწორედ დედამ აიძულა გოგონა, რომელიც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და იძულებითი ქორწინების დროს ჯერ მხოლოდ 13 წლის იყო, და მას 2 სექტემბერს შეუსრულდა 14 წელი, გათხოვილიყო მისთვის უცნობ და ასაკით უფროს - 27 წლის მამაკაცზე, რადგან ის შეძლებული იყო, ჰყავდა ცხვრის ფარა" - თქვა პროკურორმა.
ბრალდებულები წაყენებულ ბრალს არ აღიარებდნენ და სხდომაზე აცხადებდნენ, რომ გოგონა თავისი ნებით გათხოვდა. საქმის მთავარი მოწმე მოკლული გოგონას ბებიაა, რომლის ჩვენებაშიც აღნიშნულია, რომ სწორედ დედამ აიძულა არასრულწლოვანი თავისი ნების საწინააღმდეგოდ გათხოვილიყო და რომ მას კატეგორიულად არ სურდა ამის გაკეთება.
საკუთარი დედის ჩვენება, ეგანა მაგარამოვამ სხდომაზე ეჭვქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ მან ქართული არ იცის და გამოკითხვის ოქმზე ხელი ისე მოაწერა, რომ შინაარსი არ იცოდა, რასაც პროკურორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
ხატია გოგრიჭიანის თქმით, ბებიის გამოკითხვას ესწრებოდა თარჯიმანი და ოქმის თითოეული გვერდის შინაარსი, მისი (ბებიის) ხელმოწერით არის დადასტურებული. ამასთან მოკლული გოგონას დედამ ბებიაზე აღნიშნა, რომ ის "ცუდი ქალია". საქმის მთავარ მოწმეებს შორის, პროკურორის განცხადებით არიან გოგონას თანაკლასელები, რომლებიც ასევე აცხადებენ, რომ მას არ სურდა მისთვის უცნობ მამაკაცზე გათხოვება და დედა აიძულებდა.
რაც შეეხება სკოლას, მოსამართლის კითხვაზე, იცოდა თუ არა დირექტორმა ან მასწავლებელმა (დამრიგებელმა) არასრულწლოვანის იძულებით გათხოვების ფაქტზე რაიმე, დედამ აღნიშნა, რომ მასწავლებელმა მას დაურეკა, სასწავლო წელი რომ დაიწყო, და მოიკითხა, რაზეც უპასუხა, რომ ის ცუდად იყო. მოკლულის დედამ განაცხადა, რომ მას სიძე დაპირდა, რომ გოგონა სკოლაში ივლიდა, მაგრამ მოატყუა.