დახურვა
სტილი
11.06.2021

საოცრად მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა. ბავშვობიდან მხიბლავდა მათ წინაშე საკუთარი თავის პრეზენტაცია და ყურადღების ცენტრში ყოფნა. ალბათ, ეს არის ის, რაც მსახიობებს დღესაც კი მოსწონთ საკუთარ პროფესიაში. დღემდე მგონია, რომ სახლშიც კამერა დამყვება, ვიღაც მიღებს და რომ ყველგან კამერაა ჩართული და ჩემს ცხოვრებას სულ აკვირდებიან. ეს ყველაზე დიდი კინოა ჩემს ცხოვრებაში, სადაც მე ვთამაშობ მთავარ როლს და ჩემი რეჟისორი არის უფალი. ამ როლით წარვსდგები ოდესღაც მის წინაშე. თუ დღეს გულნატკენი ვარ, როგორც ბევრი მსახიობი და კინოში არ მიღებენ, ჩემს როლს ნათლად თუ ფარულად ყოველდღურად ვთამაშობ.

წარმატება არის მუდმივი პროცესი, შრომა და საკუთარ მანკიერებებზე გამარჯვება. საშიშია წარმატება, რადგან ის ტაში, რომელსაც შეიფერებ, წინსვლისკენ გაბრკოლებს. ამ ტაშის მერე ხდება კატასტროფა, რადგან თვითკმაყოფილების განცდა გეუფლება. მერე ამ წარმატებას დროში აბრუნებ და საბოლოოდ არაფერი გრჩება. მაგალითად: გუშინ ტაში დამიკრეს, გუშინწინ ტაში დამიკრეს და ასე გრძელდება. რეალურად კი, არა გუშინდელი და გუშინწინდელი, არამედ დღეს რა ქენი, ეგაა ნამდვილი წარმატება.

ყოველთვის გადავხედავ ხოლმე ჩემს შესაძლებლობებს, ვიცნობ ჩემს იღბალს და ვიცი, რაში გამიმართლებს, ამიტომ, ამ ყველაფრის შემდეგ ვიღებ გადაწყვეტილებას. ხშირად ჩემი კარგი მეგობრების გვერდში დგომით გამირისკავს, მათი წაშველებითა და დახმარებით. ლექსების კითხვაც რისკი იყო ჩემთვის, რადგან შეიძლებოდა, ქვა დამემსახურებინა, ოღონდ არა ხალხისგან, არამედ საკუთარი თავისგან. აი, ეს ნასროლი ქვა კი ყველაზე რთულია, ისე ვინ რა უნდა დამაკლოს.

ყველაზე ღირებული და დასაფასებელი გულწრფელი და მართალი ადამიანებია. ყველაზე საშინელება კი სიყალბეა, როგორც სცენაზე, ასევე ცხოვრებაშიც. ის სცენაზე მაშინვე ჩანს და იგრძნობა, ვერ დამალავ. დღეს ცხოვრება უნიჭო თეატრი გახდა, სცენიანყველაფრიანად და ეს ძალიან გულდასაწყვეტია.

დღეს ძალიან ბევრი უტიფრად მატყუებს. ამ დროს ძალიან მეცინება ხოლმე და მეც ვითომ ვტყუვდები. ოღონდ ცოტა საყვარელ მატყუარებთან. თუმცა, თუ სიტუაცია მძიმდება, იქ უკვე უმართავი ვხდები. უნიჭო ადამიანები არ მიყვარს, რადგან ყველა უნიჭო ბოროტია.

იხილეთ სრულიად: თბილისელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×