დახურვა
სტილი
23.10.2023

„ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ქორწილი გასაიდუმლოებული იყო.

ჯვრისწერა სამთავროს დედათა მონასტერში გაიმართა, წვეულება კი მთაწმინდაზე, რომელსაც მხოლოდ უახლოესი ნათესავები და ბავშვობის რამდენიმე მეგობარი დაესწრო. სტუმრებს ეკრძალებოდათ ფოტოების გამოქვეყნება, თუმცა ჯვრისწერაზე და საქორწილო წვეულებაზე გადაღებული ფოტო და ვიდეო სოციალურ ქსელში მაინც გავრცელდა.

მკაცრად გასაიდუმლოებული იყო მათი ნიშნობაც მედიასთან დისტანცირებაში ნაპოლის მოთამაშეს და მის რჩეულს ხელს კლუბის კონტრაქტის პირობებიც უწყობს, რომლის თანახმადაც მათ ჟურნალისტებთან კომუნიკაცია სპეციალური ნებართვის გარეშე ეკრძალებათ.

15 ოქტომბრის თამაშის პარალელურად ფეხბურთელი, თურმე მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაბიჯისთვის, მაქსიმალურად კონსპირაციულად ემზადებოდა.

მან შეძლო და ყველაფერი ქორწილამდე საიდუმლოდ შეინახა. ხვიჩა კვარაცხელიამ პომპეზურობა არ მოინდომა, მისმა ქორწილმა - ვარსკვლავური ქორწილის ყველა სტერეოტიპი დაამსხვრია, მათ შორის მოლოდინი, რომ ქორწილი მაინც და მაინც შაბათს ან კვირას გაიმართებოდა - ფეხბურთელმა ჯვარი ორშაბათს დაიწერა.

ამბავმა "ურჩი" სტუმრებისგან გაჟონა, რომლებმაც ე.წ. "გაუთქმელობა" დაარღვიეს და ფოტო-ვიდეო მასალა გაავრცელეს.

ნეფე-პატარძალმა ჯვრის დაწერა ტრადიციულ ქართულ სამოსში გადაწყვიტა. სანამ სამოსის შემქმნელები იმას გაიგებდნენ ვისთვის უნდა შეეკერათ კაბა და ჩოხა-ახალუხი, მოსამზადებლად გაცილებით დიდი დრო მოითხოვეს, ვიდრე ქორწილამდე იყო დარჩენილი. საბოლოოდ ხვიჩა კვარაცხელიას სახელმა გაჭრა.

პარალელურად თეთრი ჩოხა წარწერით კვარა 77 უსახსოვრა ერთ-ერთმა ატელიემ, მაგრამ ის ამ შემთხვევაში ფეხბურთელს არ ჩაუცვამს. პატარძალს ამ მნიშვნელოვანი დღისთვის ორი სადა კაბა ჰქონდა, ორჯერ შეიცვალა ვარცხნილობაც.

წყვილმა ჯვარი მცხეთაში სამთავროს მონასტერში დაიწერა, ჯვრისწერის რიტუალი მამა ილიამ ჩაატარა, მეჯვარეებად ჰყავდათ ბავშვობის მეგობრები - ხვიჩას - 2, ნიცას კი - 1. ცერემონიის შემდეგ ტაძრიდან გამოსულები ჩოხოსნების თაღში გაატარეს. შემდეგ დედებმა დალოცეს. მცხეთიდან წყვილი ძალიან მწირი მაყარით, ფუნიკულიორზე ავიდა.

რესტორანში საგანგებოდ არ უმუშავიათ დიზაინერებს, მოკრძალებულობა აქაც გამოიჩინეს და დასჯერდნენ იმას, რაც დაახვედრეს. 150-კაციან დარბაზში ქართული ტრადიციული სუფრა მხოლოდ 60 კაცზე გაიშალა, იყვნენ მარტო ოჯახის წევრები და მეჯვარეები.

მინიმალისტური იყო საქორწინო ტორტიც. ის წყვილს თავად არ შეურჩევია. ქორწილის მთავარი ნუგბარი საჩუქარი იყო. ვიზუალურად ერთ სართულიანი, თეთრი კრემის - ბროწეულებით გაფორმებული, შიგთავსი წითელი ველვეტი. ტორტი ტრადიციული ფორმატით გაიჭრა და პირველი ნაჭერი სიძის სახეზე აღმოჩნდა. ნიცამ მეგობრებთან ერთად იცეკვა - ხვიჩამ იმღერა. თამადა ოჯახის მოძღვარი იყო.

გოგო, რომელმაც ნიცა თავაძის ნასროლი თაიგული დაიჭირა, ელენე შელიაა. ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის მეგობარი. ის ვეტერანი სპორტსმენის მურთაზ შელიას და ლიკა კვარაცხელიას შვილია.

ქორწილის შემდეგ წყვილი იტალიაში გაფრინდა. ასე აარიდეს მათ თავი ქართულ მედიას, მაგრამ არა იტალიურ ტაბლოიდებს, რომლებმაც გაავრცელეს ფოტოები, სად იცხოვრებს რჩეულთან ერთად ახალდაქორწინებული ფეხბურთელი. ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ბაზიდან - ნაპოლის ზღვის ხედით, ახალ სახლში გადავიდა".

წყარო: „რუსთავი 2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×