დახურვა
სტილი
20.04.2023

ასტროლოგი დავით ნიბლაძე, სოციალურ ქსელში მზის დაბნელების შესახებ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს:

„20 აპრილიდან დაბნელებების დერეფანი ვერძში მზის სრული დაბნელებით გაიხსნება და 5 მაისს მორიელში მთვარის დაბნელებით დასრულდება.

წინ საკმაოდ ინტენსიური, ცვლილებების ენერგიით გაჟღენთილი პერიოდი გველოდება. დაბნელებები ისედაც საკმაო ძალით აპროვოცირებს ცვლილებებს, თუმცა ახლა ეს ეფექტი გაცილებით მძაფრი იქნება. მზის სრული დაბნელების წერტილიდან (ვერძის ბოლო გრადუსიდან) ზუსტი კვადრატი გვაქვს პლუტონთან, პლანეტასთან, რომელიც დესტრუქციასა და ტრანსფორმაციას უკავშირდება.

ვერძი არ არის ის ნიშანი, რომელიც სიმშვიდისა და ჰარმონიის შენარჩუნებისთვის დათმობაზე წავა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პირადი მიზნები, თავისუფლება, ინდივიდუალიზმი და პირადი გამარჯვებებია.

- დავუბრუნდეთ საკუთარ თავს, გავაცნობიეროთ ყველა ის ფაქტორი და გარემოება, რომელიც გვაიძულებს მოვერგოთ, დავთმოთ და დავნებდეთ იქ, სადაც მეტი პრინციპულობა გვჭირდება;

- გადავავლოთ თვალი წარსულს, დღევანდელ რეალობას და გავერკვეთ იმაში, ცხოვრების ასე გაგრძელების შემთხვევაში (თუ არაფერს შევცვლით), მივაღწევთ თუ არა იმას, რაც პირადად ჩვენთვის იქნება ბედნიერების მომტანი;

- დავგეგმოთ მოქმედებები – დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, სად გვჭირდება მეტი ენერგიის ჩადება, გავერკვეთ სად ვხარჯავთ დროს ფუჭად და შევიმუშავოთ სტრატეგია, რომელიც გაცილებით დიდი დოზით იქნება პირად მიზნებზე ორიენტირებული.

დაბნელების შეერთება იუპიტერთან ერთი მხრივ გაზრდის დაბნელების ენერგიის მასშტაბებს (მიზნები და სურვილებიც გრანდიოზული იქნება) და მეორე მხრივ, პლუტონთან კვადრატის გამო, წინაღობებთან შეჯახება შეიძლება არაერთი აგრესიული დაპირისპირების წინაპირობა გახდეს. ასეთი ასპექტების დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა და პროცესების მშვიდად, ცნობიერად გავლა. დაბნელების მეორე დღიდან მერკური უკუსვლით რეჟიმზე გადადის, ვერძის მმართველი პლანეტა მარსი კი კირჩხიბშია. რა ხდება ასეთ დროს? საკმაოდ რთულია ცივი გონებით, საღი ლოგიკით მოქმედება. ნუ ავყვებით ემოციებს. ამ დროს იმპულსურად მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, ძალიან ძვირადაც დაგვიჯდეს. მეტი დრო დავუთმოთ თვითრეფლექსიას, ანალიზს, ფიზიკურ ვარჯიშს, მედიტაციას. ეს პერიოდი დიდად არც სიახლეებისთვისაა რეკომენდებული და არც ურთიერთობების დასაწყებად. ცალსახად ჯობია, ეს დრო საკუთარ თავს დავუთმოთ, წავშალოთ ძველი პროგრამები და მოვემზადოთ სიახლეებისთვის. უშუალოდ მოქმედებაზე მაისის მეორე ნახევრიდან შეგვიძლია გადავიდეთ.

პლანეტების ასეთი კომბინაცია ცვლილებების საჭიროებასაც ქმნის და ამავე დროს, ცვლილებების შიშსაც აძლიერებს.

აქვე გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ცვლილების შიშთან გამკლავებაში დაგვეხმარება:

- გავიაზროთ, გავაცნობიეროთ, რომ ცვლილებები ცხოვრების მუდმივი და ბუნებრივი თანმდევი ნაწილია;

- მივაგნოთ შიშის წყაროს: იმის გარკვევა, საიდან მოდის ცვლილების შიში მასთან გამკლავებაშიც დაგვეხმარება. უცხოს შიში? უარყოფის ან შეცდომების შიში? მიზეზის მიგნების შემდეგ გაცილებით მარტივი იქნება მასზე გამარჯვებისთვის სტრატეგიის შემუშავება;

- მეტად ვფოკუსირდეთ ცვლილებების სასარგებლო მხარეებზე: ცვლილებებს ბევრი დადებითი მოაქვს, როგორიცაა განვითარების, ახლის სწავლის, პერსონალური ზრდის შესაძლებლობები. დადებით მხარეებზე ორიენტირება დაგვეხმარება ცვლილებები დავინახოთ არა როგორც საფრთხე, არამედ როგორც შესაძლებლობა;

- გადავდგათ პატარა ნაბიჯები: როდესაც ყველაფრის ერთიანად შეცვლას ვცდილობთ, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, რთულად გვეჩვენება. დავშალოთ და ისე ვიბატონოთ – პატარა, მართვად და გამკლავებად ნაბიჯებად;

- მივაგნოთ დახმარების წყაროებს: ეს შეიძლება იყოს პროფესიონალი თერაპევტი, ქოუჩი, მეგობრები, ოჯახის წევრები, თუნდაც შესაბამისი ლიტერატურა, რომელიც გაგვამხნევებს და გაგვაძლიერებს;

- მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები სიმშვიდის შენარჩუნებასა და ფოკუსირებაში დაგვეხმარება. ამ გზით მარტივად შევინარჩუნებთ “აქ, ახლა” მდგომარეობას და სტრესსაც დიდი ძალისხმევის გარეშე გავუმკლავდებით;

- აღვნიშნოთ პროგრესი. ეს ნაწილი ხშირად გვავიწყდება. თუნდაც პატარა მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯი იმსახურებს აღიარებასა და აღნიშვნას. ამ გზით წინ მიზნებისკენ სიარულის მოტივაციასაც მარტივად შევინარჩუნებთ.

საერთო ჯამში, ეს დაბნელება საკმაოდ ძლიერი ენერგიის მატარებელია, რომლის სწორად და ნაყოფიერად გამოყენებისთვის მშვიდი ხასიათი, დაკვირვება, ინიციატივა, ცვლილებების მიმართ ღიაობა და გამბედაობა გვჭირდება.

ამ დაბნელების ენერგიას მეტ-ნაკლებად ყველა ვიგრძნობთ, თუმცა თუ პირად რუკაში ვერძის, სასწორის, კირჩხიბისა და თხის რქას ბოლო გრადუსებზე ან კუროს, მორიელის, ლომისა და მერწყულის დასაწყისში “ცხელი წერტილები” გაქვთ, დაბნელების გავლენა გაცილებით საგრძნობი იქნება” – წერს ასტროლოგი დავით ნიბლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×