დახურვა
სტილი
10.08.2023

შესუსტდება სიცოცხლისუნარიანობა, მნიშვნელოვნად დაქვეითდება ენერგიულობა, - ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი აგვისტოს თვის პროგნოზის შესახებ საუბრობს.

როგორც ცაგარელი „თბილისელებთან" ამბობს, მოიმატებს ემოციური ფონი, რასაც შესაძლოა, ადამიანების დაუფიქრებელი და ნაჩქარევი მოქმედებები მოჰყვეს და შესაბამისად, საზოგადოებაში ამან ერთგვარი პროტესტი გამოიწვიოს.

„აგვისტოს დასაწყისში შესუსტდება სიცოცხლისუნარიანობა, მნიშვნელოვნად დაქვეითდება ენერგიულობა, გაიზრდება ემოციურობა, რამაც შესაძლოა, ადამიანები აიძულოს, იმოქმედონ დაუფიქრებლად, ნაჩქარევად და ეგოისტურად, არ მიაქციონ ყურადღება ძველ შეთანხმებებს, უგულებელყონ დაპირებები, დაარღვიონ წესები და კანონები. ამის საფუძველზე შეიძლება, წარმოიშვას კონფლიქტები როგორც ცალკეულ ადამიანებსა და ორგანიზაციებში, ისე მთლიანად საზოგადოებაში. კონფლიქტებია მოსალოდნელი საერთაშორისო არენაზე სახელმწიფოებს შორის.

სიტუაცია მხოლოდ 12 აგვისტოს შემდგომ დაიწყებს დამშვიდებას. გაუმჯობესდება ასტროლოგიური ამინდი, რაც კიდევ უფრო საგრძნობი გახდება 16 რიცხვის ახალმთვარეობის შემდეგ. ეს საკმაოდ მშვიდი და ნაყოფიერი პერიოდი იქნება, განსაკუთრებით შემოქმედებითი მუშაობისთვის და დიდი ხნის გეგმების განსახორციელებლად. 22 აგვისტოდან მდგომარეობა შეიძლება, შეიცვალოს. ამ დროს ერთგვარ პლანეტურ ტანდემს შექმნის მზე, ლომის ნიშანში მოძრავი პლანეტა ვენერა და ქალწულის ზოდიაქოში მოძრავი პლანეტა მერკური, რომლებიც დაუპირისპირდებიან თევზების ნიშანში მოძრავ პლანეტა სატურნს.

ამგვარი მდგომარეობა ზოგიერთ ადამიანს მოთოკავს, ზოგს კი გაუძლიერებს თავდაჯერებულობას და აქტიურად მოქმედების სტიმულს მისცემს. 27 აგვისტოდან მარსი სასწორის თანავარსკვლავედში გადააბიჯებს, რაც პლანეტების კონფლიქტს კიდევ უფრო გაამწვავებს. გარდა ამისა, მეომარი მარსი კიდევ უფრო გაზრდის ცვლილებებისა და სწრაფი, აქტიური მოქმედების მწვავე სურვილს. ამიტომ, სავალალო შეცდომებისა და მწვავე კონფლიქტების გვერდის ასავლელად, ამ პერიოდში დაუშვებელია რისკი და აჩქარება, აუცილებელია მეტი პასუხისმგებლობა, სიდინჯე, კომპრომისების ძიება, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება და წინდახედულად მოქმედება"- ამბობს მიხეილ ცაგარელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×