დახურვა
სტილი
14.08.2023

16 აგვისტოს ლომის ზოდიაქოს ნიშანში ახალმთვარეობაა. ეს მოვლენა ერთთვიან პერიოდზე მოახდენს გავლენას. რა მიმართულებები წამოვა წინა პლანზე და ვინ რას უნდა ელოდოს, ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური პროგნოზზს აქვეყნებს:

მორიგი ახალმთვარეობა 16 აგვისტოს, თბილისის დროით, 13:38 საათზე დადგება.

ეს ახალმთვარეობა ლომის ზოდიაქოში იქნება და რა თქმა უნდა, გააქტიურდება ლომის ნიშნისთვის დამახასიათებელი ხასიათის თვისებები: დიდსულოვნება, შთაგონებულობა, გულღიაობა, არტისტულობა, სერიოზულობა, კეთილგანწყობილება, ხელგაშლილობა, ლიდერობის უნარი, საკუთარი ღირსების მაღალი შეგნება, პასუხისმგებლობის მაღალი განცდა. ხასიათის უარყოფითი თვისებებიდან წინ წამოიწევს: ამპარტავნება, ავტოკრატიულობა, მოუთმენლობა და ეგოცენტრიზმი.

ხასიათის ეს თვისებები უკვე 23 ივლისიდან იყო გააქტიურებული (როდესაც მზე ლომის ნიშანში გადავიდა), თუმცა 16 აგვისტოდან კიდევ უფრო აქტიურად გამოვლინდება.

ეს ახალმთვარეობა ლომის 24-ე გრადუსში იქნება. ეს გრადუსი ასტროლოგიაში პლანეტა მერკურით იმართება, რაც კომუნიკაბელურობასა და ინფორმაციის მიღება-გადაცემაზე მიანიშნებს. თუმცა ეს ასპექტი ასევე მიანიშნებს მარტოობაზე. ამიტომ 15-17 აგვისტოს შუალედში შესაძლებელია კომუნიკაციაში რადიკალიზმს ჰქონდეს ადგილი - პირველი, გადამეტებული კომუნიკაცია და ბევრი, არასასურველი ინფორმაციის მიღება ბევრ ადამიანს დაძაბავს და გააღიზიანებს და მეორე პირიქით, გართულდება სასურველი ინფორმაციის მოძიება ან კავშირის დამყარება. ეს ერთგვარი გაორება და გადამეტებული კრიტიკულობა იქნება (ტყუპი-ქალწულის გავლენა). ამ დღეებში წინ წამოიწევს ცინიზმიც, რაც ურთიერთობების გაუარესების კუთხით დამატებითი ნეგატიური თვისება გახდება. ამიტომ ურთიერთობებში საჭიროა მეტი თავშეკავებულობა, კომპრომისზე წასვლის სურვილი და პირველხარისხოვანი ინფორმაციის მეორეხარისხოვნისგან გარჩევა. 15-17 აგვისტოს შუალედში მოიმატებს მოტყუების ალბათობაც, ამიტომ სასურველია, რომ ინფორმაცია გადამოწმდეს და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ისე იქნას მიღებული.

ახალმთვარეობა და საქართველო

საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპში ეს ახალმთვარეობა მე-2 სახლს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში მოსალოდნელია წინ წამოიწიოს ფინანსურმა საკითხებმა. არ არის გამორიცხული ამ მიმართულებით ახალი გართულებების შექმნა, ფინანსური დანაშაულების გამჟღავნება ან მსგავს თემასთან დაკავშირებული სკანდალები. შესაძლოა ეს იყოს რაიმე ტიპის ფინანსური პროგრამის დაწყება, პრეზენტაცია ან ადრე დაწყებული პროგრამისთვის გარკვეული წინაღობების შექმნა-დამუხრუჭება, რომელიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს გააჩენს

ახალმთვარეობა და ზოდიაქოს ნიშნები

ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ლომის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ლომის ზოდიაქოს 23-ე, 24-ე და 25-ე გრადუსებში რომელიმე პლანეტა ან ჰოროსკოპის სხვა მნიშვნელოვანი სიგნიფიკატორი (მმართველი) იმყოფება. ამ ადამიანების ცხოვრებაში დაიწყება ერთთვიანი პერიოდი, რაც დაკავშირებული იქნება წარსულის ანალიზთან, შეცდომების გამოსწორებასთან და ახალი ერთთვიანი პერიოდის დაგეგმვა-დაწყებასთან.

* ბუნებრივია, ასევე მნიშვნელოვანი იქნება ცეცხლის სტიქიის დანარჩენი ნიშნებისთვის - ვერძებისთვის და მშვილდოსნებისთვის. უახლოესი ერთთვიანი პერიოდი მათ მოუტანთ ახალ პერსპექტივებს, განვითარების შესაძლებლობებს, ასევე ძველი პრობლემების მოგვარების შანსებს.

* ტყუპებისთვის და სასწორებისთვის ეს ახალმთვარეობა მოიტანს შექმნილი მდგომარეობის ახლებურად დანახვის შესაძლებლობას და ახალ გააზრებას. თუმცა შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებისთვის საჭირო გახდება სერიოზული ძალისხმევის გაღება და სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა. ასეთ შემთხვევაში წარმატება გარანტირებული იქნება.

* რაც შეეხება მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, მათთვის აუცილებელი იქნება საკუთარ თავში გარკვევა, წარსულის ნეგატიური გავლენისგან გათავისუფლება და დაპირისპირებებისთვის თავის არიდება. ოპონირება უფრო ნეგატიურ შედეგს მოიტანს, ამიტომ დაპირისპირებებს მაქსიმალურად უნდა მოერიდოს.

* სუსტად დისჰარმონიული იქნება მიწის სტიქიის ნიშნებისთვის - კუროებისთვის, ქალწულებისთვის და თხის რქებისთვის. მათ მოუწევთ ენერგიის, დროის და ფულის დაზოგვა, რასაც პრიორიტეტების განსაზღვრით და მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებით გახდება შესაძლებელი. ამასთანავე, მოუწევთ სერიოზული შრომა, რომ ყველა შექმნილი წინაღობა გადალახონ.

* ეს პერიოდი შედარებით რთული იქნება წყლის სტიქიის ნიშნებისთვის - კირჩხიბებისთვის, მორიელებისთვის და თევზებისთვის. მათ უახლოეს ერთთვიან პერიოდში მოუწევთ ემოცია მართონ და სწორი ემოციური რეაქციები ჰქონდეთ. მოიმატებს შფოთვისა და შინაგანი განგაშის განცდა, რაც უმეტეს შემთხვევაში გადაჭარბებული იქნება. მათ საკუთარი მიზნებისკენ ნელა და მეთოდურად უნდა იარონ და არაგონივრულ რისკზე არ წავიდნენ.

ყველას სასიკეთო პერიოდს, წინსვლას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ! - წერს რამაზ გიგაური

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×