დახურვა
სტილი
13.08.2021

უმეტესობას ხალხური გადმოცემები, ცრურწმენები და მინიშნებები მაშინ ახსენდება, როცა რაღაც ცუდი ხდება მის ცხოვრებაში. თუმცა მინიშნებათა უმრავლესობა წარმატების წინასწარმეტყველებაა. სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება მინიშნებები ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით, რაც არა მგონია, ვინმეს გულგრილს ტოვებდეს. ფული ყოველთვისაა საჭირო, განსაკუთრებით კი ამ ცხელ სეზონზე - როცა ყველას დასვენება და გართობა სურს. ამიტომ, ყურადღებით მოუსმინეთ ჩვენს რესპონდენტს, ეზოთერიკოს, ქალბატონ თეა მ-ს, რომელიც სწორედ ამ აქტუალურ თემაზე არსებულ რამდენიმე სანდო მინიშნებაზე ისაუბრებს და თან, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებელ მინი-რიტუალსაც შემოგთავაზებთ.

ფულის ხის გახარება სახლში უკვე კარგის ნიშანია და ფულს იზიდავს: მცენარის ზრდა სტაბილური ხელფასის გარანტიაა, აყვავება კი დიდი შანსია, მსხვილი თანხა მიიღოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, მინიშნება მოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ბუჩქს დამოუკიდებლად გაახარებთ პატარა ყლორტისგან. ასევე, გავრცელებულია მოსაზრება, რომ ვისაც წარმატების მიღწევა შეუძლია, მისგან დადებითი ენერგია მოდის. ამიტომ, თუ ასეთ ადამიანთა სიახლოვეს იტრიალებთ, იღბალი თქვენკენ იბრუნებს პირს და საგრძნობლად მეტის გამომუშავებას შეძლებთ. სინამდვილეში, ამ მინიშნებას რაციონალური ახსნაც აქვს - რაც მეტ დროს დაჰყოფთ წარმატებულთა წრეში, მით უფრო იოლია, ყურადღება მიიქციოთ, მოიპოვოთ აღიარება და შესაბამისად, გაზარდოთ შემოსავალიც.

თუ გაზაფხულზე ან შემოდგომით პეპელა ფანჯარაში შემოგიფრინდათ, ეს მაცნეა იმისა, რომ ძალიან მალე მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო ამბავს გაიგებთ: სამსახურში მსჯელობა თქვენი დაწინაურებისა და შესაბამისად, ხელფასის მომატების შესახებ, თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. თუმცა, სიხარული ნაადრევია. გაითვალისწინეთ, რომ კარიერაში წარმატებისა და ფინანსური შემოსავლების ზრდის „წინასწარმეტყველი" მხოლოდ მკვეთრი, კაშკაშა ფერებით მოხატული პეპელაა, რომელსაც ფრთებზე ფერად-ფერადი წერტილები და ლაქები აქვს. თუმცა, კატაცაა ამ საქმეში გარეული - თუ უცხო კატამ მოგაკითხათ სახლში, ოღონდ არა ნებისმიერმა, არამედ სამფეროვანმა და თქვენ ის შეიფარეთ, იცოდეთ, მალე კარზე იღბალი მოგიკაკუნებთ. შავ-თეთრ-ყვითლად შეფერილი კატა სახლში ფულს იზიდავს და მათთვის, ვინც კეთილად მიიღებს, კატა საკმაოდ გულუხვი იქნება.

ძალიან დიდი და უპირველესად, დაიმახსოვრეთ, რომ ხელფასი აღების დღეს არ უნდა დახარჯოთ. ბევრ ადამიანს მსხვილი თანხა თითქოს ხელებს წვავს - ერთი სული აქვს, როდის აისრულებს სანუკვარ ოცნებას და ნანატრ ნივთს შეიძენს. ჰოდა, თუ ხელფასის აღებისთანავე მიაშურებთ მარკეტს, ძალიან დიდია რისკი, მთელი ფული რაღაც უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ. მთელ თვეში გამომუშავებულმა ფულმა ერთი ღამე სახლში უნდა გაატაროს. ეს მის მფლობელს საშუალებას მისცემს, კარგად დაფიქრდეს, განსაზღვროს შესაძლებლობები და ისე დაგეგმოს, რა სჭირდება რეალურად და ფული ტყუილად ქარს არ გაატანოს.

ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებელი მინი-რიტუალები, ძირითადად, ხელფასის აღების პირველ დღეს უკავშირდება. ხომ გაგიგიათ: ფულს თვლა უყვარსო და სწორედ ესაა პირველი რიტუალი - ყოველი გადათვლის შემდეგ ზუსტად იცი, რა თანხას ფლობ, შედეგად, ხარჯებს უფრო გააზრებულად გათვლი და შესაბამის დანაზოგსაც გააკეთებ. მეორე: მთელ ხელფასს სახლში რომ მიიტანთ, წრიულად გადათვალეთ და როცა, მაგალითად, ის ათასი ლარია და შესრულდა ათასი, თვლა თავიდან კი არ დაიწყოთ, განაგრძეთ და კიდევ ათასი მიაყოლეთ, შემდეგ კიდევ ათასი და ასე შემდეგ. ასე ხომ თქვენი ხელფასი გაცილებით მეტი გამოდის, რაც ენერგეტიკულად ძალიან კარგია... და მესამე: ხელფასის 10 პროცენტის ნახევარი გაეცით ქველმოქმედებისთვის, მაგალითად, ავადმყოფი ბავშვების ფონდში და მეორე ნახევარი - დანაზოგად შეინახეთ სახლში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×