დახურვა
სტილი
09.10.2021

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც გეგეჭკორი აღნიშნავს, "არასწორ მშენებლობას, არასწორი სამედიცინო დახმარებით გარდაცვლილს, უსამართლობას ყველაფერს ერთი მიზეზი აქვს და ეს ჩვენ ვართ".

"თვალის გახელის მეშინია, ყოველ დილით იმდენი უბედურება მხვდება საქართველოდან. არასწორ მშენებლობას, არასწორი სამედიცინო დახმარებით გარდაცვლილს, უსამართლობას ყველაფერს ერთი მიზეზი აქვს და ეს ჩვენ ვართ... ჩვენი უპასუხისმგებლობა, დუმილი ბოროტებაზე, კორუფციაზე, უკანონობაზე, უცოდინრობაზე, უსინდისობაზე... ჩვენი კონფორმიზმი ხდის შესაძლებელს ქვეყანაში არასდროს არაფერი მუშაობდეს. სწორედ ასე გვეხება ყველას, ექიმს, მუსიკოსს, მეწაღეს, მშენებელ და ასე შემდეგ პოლიტიკა. ის ქმნის გარემოს სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, ჩვენი შვილები უნდა განვითარდნენ. ეს გარემო რომ ჯანსაღი იყოს და არ კლავდეს ამისთვისაა საჭირო ჩინოვნიკები პატიოსანი, მშრომელი პროფესიონალები გვყავდეს. კორუფცია და არაპროფესიონალიზმი ისევე კლავს როგორც უკურნებელი დაავადებები, ერთი განსხვავებით, პირველ შემთხვევაში სიკვდილის შეჩერება შეგვიძლია თუ ვიბრძოლებთ საკუთარი უფლებებისთვის.

ყველა ადამიანის უფლებაა ჰქონდეს მოწესრიგებული, სამართლიანი, უსაფრთხო გარემო. ჩვენი შრომით ვიხდით იმ ჩინოვნიკების ხელფასს ვინც მაგალითად ამ სახლში მიმდინარე რემონტზე იყო პასუხისმგებელი. ამიტომაც უნდა გვადარდებდეს რა პრინციპით ირჩევენ იმ პოზიციისთვის ჩინოვნიკს. ჯანსაღ სახელმწიფოში პროფესიონალიზმია ასეთი კრიტერიუმი. ჩვენნაირ ქვეყანაში კორუფცია გვითხრის საძირკველს და გვინადგურებს მომავალს.

დავსჯით ახლა მეასეხარისხოვან ჩინოვნიკს და ამით დავასრულებთ გლოვას რამდენიმე დღეში... სამართლიანობა და პროფესიონალიზმია უსაფრთხო ქვეყნის უპირობო საძირკველი.

გისამძიმრებ ჩემო საძირკველგამოთხრილო საქართველო უბედურებას..."-წერს ნანა გეგეჭკორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×