დახურვა
სტილი
09.11.2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმუნიზაციის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, „ბუსტერ" დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით.

მისივე, განმარტებით, "ბუსტერ" დოზების გამოყენება დაიწყება ხვალიდან, როდესაც ეს შესაბამის ბრძანებაში აისახება.

„მთავარი გადაწყვეტილებები, რომელიც საბჭომ მიიღო, შეეხება "ბუსტერ" დოზების გამოყენების წესს. "ბუსტერ" დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. ამ შემთხვევაში პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინით შეუძლია, გამოიყენოს „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინა "ბუსტერ" დოზისთვის ან გაიკეთოს

„ფაიზერის“ დოზა. „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში 6 თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზით "ბუსტერ" დოზა, რაც შეეხება „ფაიზერის“ დოზით ვაქცინირებულ პირებს, მათთვის, ბუნებრივია, რეკომენდებულია ისევ მეორე აცრიდან 6 თვეში „ფაიზერის“ დოზის გამოყენება. არის ერთი დაზუსტება, რომელიც ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც აცრილები არიან „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, "ბუსტერ" დოზის გამოყენების შესაძლებლობას არა 6 თვის შემდეგ, არამედ 3 თვიდან 6 თვის ინტერვალში მეორე აცრიდან.

დღემდე „ბუსტერ“ დოზით აცრილია, დაახლოებით, 3500 პირი. ჯერჯერობით 6 თვე არ გასულა მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ მასობრივი ვაქცინაციის კამპანია „სინოვაკით“, „სინოფარმით“ და შემდეგ „ფაიზერით“. უფრო დიდი ნაკადი მოსალოდნელია დეკემბერში და განსაკუთრებით, იანვარში, რადგან ზუსტად ეს არის პერიოდი, როდესაც უკვე გავა 6

თვე „ფაიზერის“ მეორე დოზით აცრიდან,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, იმუნიზაციის საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები საქართველოში, ასევე ვაშინგტონის ოფისიდან კოლეგები, რომლებიც ჩაერთვნენ იმისთვის, რომ გაეცნოთ უახლესი რეკომენდაციები ვაქცინაციის პროგრამის სტიმულირებისთვის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე „ფაიზერის“ არცერთი დოზა ვადაგასული არ არის.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქვეყანაში „ფაიზერის“ 900 ათასამდე დოზაა.

„ფაიზერის“ დაახლოებით 900 ათასამდე დოზაა დარჩენილი. ვადაგასული არცერთი დოზა არ არის“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, „ფაიზერის“ ბოლო პარტიის ვადა მარტის ბოლომდეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×