დახურვა
სტილი
18.11.2021

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების წინაღმდეგ არაერთი ამკრძალავი წესი მოქმედებს, მოზარდებში სიგარეტის მოხმარება მაინც პრობლემად რჩება.  თანაც, თამბაქოს მოხმარების გარდა, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ე.წ. ვეიპები, ელექტრონული სიგარეტები, რომლების ყიდვაც მოზარდებს ძალიან მარტივად შეუძლიათ და ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ არანაირი საფრთხის შემცველი არაა მისი მოხმარება.

ელექტრონულმა სიგარეტმა უზარმაზარი პოპულარობა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მოიპოვა, მისი მომხმარებლები კი ხშირად მოზარდები არიან. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყეს შესწავლა, რა ზიანის მოტანა შეუძლია ელექტრონულ სიგარეტს მოზარდის ჯანმრთელობისთვის.

კვლევების შედეგად ცნობილი გახდა, რომ მის ორთქლში შემავალი ნიკოტინი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის თავის ტვინზე, ნერვულ სისტემასა და გულზე. ასევე, ის არტერიული წნევისა და გულისცემის მატებას განაპირობებს, რამაც შესაძლოა არითმია გამოიწვიოს. ზოგჯერ, ნიკოტინის მაღალი დოზის მიღების შედეგად სასიკვდილო შედეგიც კი დადგეს. ასევე, კვლევებით დადგინდა, რომ მასში შემავალმა ორმა ინგრედიენტმა, გლიცერინმა და პროპილენგლიკოლმა შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვების, ბრონქებისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის პათოლოგიური დარღვევა.

გარდა ამისა, ის იწვევს დამოკიდებულებას და თუ მოზარდი კვლავ არ გამოიყენებს, შეიძლება გაუჩნდეს დაღლილობის, დეპრესიისა და გაღიზიანების განცდა. ნიკოტინის მუდმივი გამოყენება, თუნდაც მცირე რაოდენობით, სერიოზულ დაავადებებს იწვევს. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, შესაძლოა გამოიხატოს: გასტრიტი, კუჭის წყლული, გულის პრობლემები. ნიკოტინის გამოყენება, ნებისმიერი ფორმით, შესაძლოა დამოკიდებულებისა და სიგარეტის მოწევის წინაპირობა გახდეს. ამიტომაც, მოზარდს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა ზიანი ადგება მის ორგანიზმს ელექტროსიგარეტის გამოყენებით.

ელექტროსიგარეტი შესაძლოა ინჰალატორს შევადაროთ, რომელშიც სითხის ჩასხმა აუცილებელია. ეს სითხე კი შედგება: გლიცერინისგან, პროპილენგლიკოლისგან, არომატული დანამატებისგან და ნიკოტინისგან, თუმცა ყოველთვის არა. მწეველების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ელექტრონული სიგარეტი უსაფრთხოა. სინამდვილეში კი სპეციალისტები ამბობენ, რომ ელექტრონული სიგარეტის მოწევის დროს გამოყოფილი ორთქლი 31 საშიშ ნივთიერებას შეიცავს. გარდა ამისა, იმ არომატების 75 %-ში, რომლებიც გამოყენებულია ელექტრონულ სიგარეტში, ტოქსიკური ქიმიური ელემენტები აღმოაჩინეს. უფრო ზუსტად კი ნივთიერება დიაცეტილი ბრონქიოლების ანთებასა და ნაწიბურების წარმოქმნას იწვევს. გარდა ამისა, სითხეში შემავალი ნივთიერებები, როგორიცაა იგივე პროპილენგლიკოლი, იწვევს დამოკიდებულებას, ასევე ალერგიულ რეაქციებს, არღვევს ძილის ფუქნციას, აზიანებს თირკმელს. პროპილენგლიკოლისა და გლიცერინის დაშლა ტოქსიკურია ორგანიზმისთვის. აზიანებს თვალის ლორწოსა და სასუნთქ სისტემას, იწვევს ცრემლდენას და მუტაგენურ თვისებებსაც ავლენს. ელექტრონული სიგარეტის გამოყენებით ზიანდება ასევე ცენტრალური ნერვული სისტემა. ნიკოტინის ხშირი და ზედმეტი დოზით გამოყენებამ კი შესაძლოა სიმსივნის რისკები გაზარდოს. გარდა ამისა გამოიწვიოს თავბრუსხვევა, გულისრევა, თავისა და მუცლის ტკივილი, დიარეა, ზოგადი სისუსტე. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ელექტრონულ სიგარეტს ქარხნული წუნი აქვს, ფეთქდება, ტყდება და აზიანებს მომხმარებლის სახეს. გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანში ერთი ელექტრონული სიგარეტის გამოყენება ზრდის სხვადასხვა ინფექციის გადადების რიკებს, მაგალითად, როგორებიცაა ჰეპატიტი და ტუბერკულოზი.

წყარო: mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×