დახურვა
სტილი
16.04.2022

სანამ ჩვენთან კორონავირუსის შემთხვევები დღითიდღე იკლებს, მსოფლიოში მის მორიგ ტალღას უმკლავდებიან. ჩინეთში, სადაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ პანდემია უკან მოიტოვეს, დღეს მომატებულ შემთხვევებს უკვე უმკაცრესი ლოქდაუნის წესებით ებრძვიან.

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ მარტიდან შანხაიში ლოქდაუნი მოქმედებს. ქალაქის მოსახლეობა ჩაკეტილია, სახლიდან გამოსვლა ტესტირების გარეშე არ შეუძლიათ. დაავადებულებსა და კონტაქტში მყოფებს არ აძლევენ ბინაზე დარჩენის საშუალებას, უსიმპტომოებიც კი ვალდებულნი არიან სპეციალურ კოვიდკლინიკებში გადავიდნენ, სადაც საშინელი პირობებია. ჩინელები უკმაყოფილებას არ ფარავენ, თუმცა ხელისუფლებისგან რეაგირება არ ყოფილა.

25 მილიონიანი ქალაქი, შანხაი 2 კვირაზე მეტია კარანტინში იმყოფება. გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მთელი მოსახლეობა სისტემატურ ტესტირებას ექვემდებარება და ვირუსის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ კლინიკაში გადადის.

ამ პირობებში ცხოვრება ჩინელებისთვის უკვე აუტანელია. ხელისუფლება ვერ ახერეხებს, რომ სახლში გამოკეტილი ხალხი სურსათით ან აუცილებელი მედიკამენტებით უზრუნველყოს. საკვების შეძენა მხოლოდ ონლაინაა შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ მიტანის სერვისი კატასტროფულად გაძვირდა, კურიერების რაოდენობაც არ არის საკმარისი ასეთი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 25 მილიონიან ქალაქს მხოლოდ რამდენიმე ათასი კურიერი ემსახურება. კლინიკებშიც პრობლემებია. არ არის ს აკმარისი სასმელი წყალი და ვერც ექიმები აუდიან პაციენტთა გაზრდილ ნაკადს.

ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა არაერთხელ დააფიქსირეს ტრაგიკული ცნობები გაზრდილი თვითმკვლელობების შესახებ. გავრცელდა ცნობა, რომ ზოგიერთ მრავალსართულიან კორპუსში, სადაც ყველაზე მაღალი იყო ინფიცირების დონე, სადარბაზოების კარებები შეადუღეს, რომ მოსახლეობა გარეთ ვერანაირი მიზეზით ვერ გამოსულიყო. ეს წესები უკვე შეადარეს ცნობილი სერიალის "კალმარის თამაშების" სცენარს.

25-მილიონიანი ქალაქი აჯანყებულია და პროტესტს საკუტარ აივნებზე გამოხატავენ, ფანჯრებიდან ყვირიან და სოციალურ ქსელებში წერენ, რომ საჭმელი აღარაფერი აქვთ, შეკვეთის მისაცემი ფულიც გაუთავდათ. პროტესტს სამართალდამცავები ისევ მკაცრი წესებით ებრძვიან. ხმაური აკრძალულია, ქალაქში კი დრონები დაფრინავენ, რომ წესრიგი გააკონტროლონ.

"გარეთ გამოსვლის მიზეზი შინაური ცხოველიც ვერ გახდება. ეგეც აკრძალულია. ამიტომ ბევრმა სპეციალურ თავშესაფრებში ჩააბარა თავისი ოთხფეხა მეგობრები" - ამბობენ მოქალაქეები.

ევროპაში მიღებული "თანაცხოვრება ვირუსთან ერთად" ჩინელებისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა. მკაცრი ლოქდაუნის გამო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიც შეჩერებულია, თესვაც დაგვიანდა, რის გამოც ქვეყანა შეიძლება სასურსათო კრიზის წინაშე აღმოჩნდეს.

mshoblebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×