დახურვა
სტილი
28.04.2022

რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე ჟურნალ „გზის“ კითხვას პასუხობს იმ მოსაზრებაზე, რომ საზოგადოების ნაწილი უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, საქართველოში კონცერტების ჩატარების წინააღმდეგია:

„მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და უამრავი დაღუპულის ოჯახს. ვიცით, რომ იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ევროპის კონტინენტზე ომი სამიოდე თვის წინ წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ამასაც მოვესწარით. ცხადია, მსოფლიო ამასაც გადაიტანს, ჩვენც გადაიტანს და უკრაინელი ხალხიც, მაგრამ დაღუპულ ადამიანებს ვინ გააცოცხლებს? საქართველომ, ჩემი აზრით, ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და საკმარისი მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელების მიმართ…

მეორე საკითხია, უნდა გავაჩეროთ თუ არა ცხოვრება?.. ვფიქრობ, რომ ქართველები ცხოვრებას ვერ გააჩერებენ და ის არც უნდა გაჩერდეს.

რაც შეეხება იმ საკითხს, მისაღებია თუ არა კონცერტების გამართვა იმ ფონზე, როცა ჩვენს რეგიონში ომია, – ქართველი კაცი ჭირშიც მღეროდა, მღეროდა ომში, პანაშვიდზე და საერთოდ, ყველგან, ამიტომ აბსურდად მიმაჩნია მტკიცება, რომ ახლა კონცერტების გამართვა დაუშვებელია. პირიქით, უკრაინის მხარდამჭერი ბევრი კონცერტი უნდა გაიმართოს.

რაც შეეხება რუსული სიმღერების შესრულებას, შემსრულებელმა უნდა გადაწყვიტოს, რას იმღერებს და რას – არა. ამას მომღერალს ვერავინ აუკრძალავს. მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, მტკიცება, რომ რუსული კულტურა საშინელებაა, ჩემთვის მიუღებელია. მინდა, მსმენელმა და მაყურებელმა სწორად გამიგოს: ეს არ ნიშნავს, რომ მათი ჯარისკაცების ქმედებებს ვამართლებ. მესმის, რომ დღეს რუსული სიმღერა ნეგატიურ განცდებს იწვევს, მათი მოსმენა არც მე მსიამოვნებს, მაგრამ რუსული რომანსები ძალიან მიყვარს და ამ სიყვარულს ხომ ვერ გადავაგდებ?! ამ ქვეყნის კულტურას ხაზს ვერ გადავუსვამ იმის გამო, რომ სათავეში ავადმყოფი ჰყავთ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×