დახურვა
სტილი
29.06.2021

ანაკო ტურაშვილს მრავალფეროვანი სატელევიზიო გამოცდილება აქვს, ამჯერად კი მამასთან – ყველასთვის საყვარელ მწერალ დათო ტურაშვილთან ერთად „ფორმულაზე“ გადაცემა „მე-17 სართული“ მიჰყავს.

ანაკო ტურაშვილი: ჩვენ წამყვანები ვართ, დათო კი ჩვენი ყოველკვირეული სტუმარია. პირველი შემთხვევაა, როცა ერთ გადაცემაზე ვმუშაობთ. მე და დათოს ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, რომელიც ეკრანზეც ასეთივე ფორმით გადმოვიდა. ასე რომ, არანაირი უხერხულობა არ გვქონია და არც ვარჯიში დაგვჭირვებია. 

თეატრალურში ვსწავლობდი, კინომცოდნეობაზე, როცა შემთხვევით GDS-ზე მოვხვდი და ეს იყო ჩემი პირველი შეხება ტელევიზიასთან. რამდენიმე თვეში წამოვედი და მუშაობა „იმედზე“ განვაგრძე. პარალელურად კი, ეკა ხოფერიასთან, ჟურნალ „სითიში“ ვწერდი და შემდეგ მის გადაცემაში გადავედი პროდიუსერად. მალე გადავწყვიტე, რაღაც ახალი მესწავლა და მაგისტრატურაზე ჩავაბარე, პიარის განხრით. პარალელურად, ამ სფეროში დავიწყე მუშაობა. თუმცა, როცა კვლავ ტელევიზიაში მიმიწვიეს, უარი ვერ ვთქვი და ამჯერად „იმედის დილაში“ კულტურის ჟურნალისტად დავიწყე მუშაობა. მერე, რაღაც პერიოდი, დედას ვეხმარებოდი ლექციების კურსის ორგანიზებაში, პლუს სწავლა და ტელევიზიისთვის დრო აღარ მრჩებოდა.

ბავშვობაში დათოს ყველგან თან დავყავდი. ძალიან მიხაროდა, როცა ქუჩაში სცნობდნენ, ინტერვიუებს ართმევდნენ, უბედნიერესი ვიყავი ამ ყველაფრის გამო. მაგრამ, რაც გავიზარდე, ჩემთვის ეს ამბავი უფრო სანერვიულო თემა გახდა. იცით, რომ დათო ძალიან ემოციური ადამიანია და მისი ყველა გამოსვლა და ინტერვიუ განცდებთანაა დაკავშირებული. მისი გულის პრობლემებისგან გამომდინარე, მე და ჩემი ოჯახის წევრები სულ ვნერვიულობთ და ყველაფერს ისე განვიცდით, როგორც თვითონ. რა თქმა უნდა, მიხარია, როცა მეუბნებიან, ძალიან დიდ პატივს ვცემთ დათოს და გვიყვარს მისი შემოქმედებაო. ძალიან მეამაყება მისი შვილობა, არა მხოლოდ მისი შემოქმედების ან პატრიოტიზმის, არამედ მისი ადამიანობისა და იმის გამოც, როგორც გამზარდა.

დათო ის ადამიანია, რომელსაც არც ჩემთვის და არც ჩემი დებისთვის, არასდროს უთქვამს, ეს არის სწორი და ეს არასწორიო. ყოველთვის გვასწავლიდა, რომ ადამიანმა არჩევანი თვითონ უნდა გააკეთოს. ძალიან ზოგადი რჩევა შეიძლებოდა მოეცა მუსიკის, თუ წიგნის შესახებ. სულ გვეუბნებოდა, მე ვერ გეტყვით, თავის დროზე თვითონ მიხვალთ სწორ აზრამდეო. ერთადერთი, რასაც მთელი ცხოვრება ვუყურებდით ისაა, რომ დათო სულ აქციაზე იყო, მეც სულ თან დავყვებოდი და ეს განწყობა ბუნებრივად გადმოვიდა ჩემს ხასიათშიც.

ანაკო მამის მსგავსად, თავადაც წერს - "რაც თავი მახსოვს ვწერ, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, მაქსიმუმ, მეგობრებმა წაიკითხონ. არ ვიცი, ოდესმე შეიძლება, რამეზე ვიფიქრო, მაგრამ ჯერ არა. მამას არ ვაკითხებ, მგონია, რომ ობიექტური არ იქნება, ამიტომ მირჩევნია, საერთოდ არ წაიკითხოს".

იხილეთ სრულად: თბილისელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×