დახურვა
სტილი
14.05.2022

„მასტერშეფის" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟიურის წევრი, ლუკა ნაჭყებია საუბრობს, მძიმე პერიოდზე, რომელიც გადალახა, თვითანალიზზე, საკუთარი შეცდომების გააზრებაზე და ახალ ცხოვრებაზე, რომელიც დაიწყო...

"შფოთვის გარეშე არსებობა შეუძლებელია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბავშვობაში რა ლიტერატურაც მიყვარდა და კინემატოგრაფი, ალბათ, ესეც მაპროგრამებდა, რომ იდეალები ჩემს თავზე მეტი უნდა ,ქონოდა. ეს, სამწუხაროდ, ჩემს ცხოვრებაში მუდმივი დისონანსის გამომწვევი აღმოჩნდა. ჩემს სუპერ ეგოში ჩამოყალიბებული იდეალების დევნაში საკუთარი თავი მავიწყდებოდა, - რომ უნდა მივიღო სიამოვნება, მივხედო საკუთარ თავს. ამან ძალიან მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა გამოიწვია წლების განმავლობაში. ისე მქონდა ეს დეპრესია, შენიღბულად... ექიმის ჩარევა დამჭირდა. ამ ზაფხულს ყველაფერი ჩამომეშალა თავზე. ზოგადად, დახმარების მიღება ძალიან მიჭირს, ძლივს ვიპოვე თერაპევტი, ვისაც ვენდობოდი. მხარდაჭერა მივიღე მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგანაც. პანდემიამაც, რასაკვირველია, მისცა ბიძგი - დაგვანახვა ყველას, რა ხდება, გასაქცევი არსად იყო. თუმცა სრულად პანდემიასაც ვერ დავაბრალებ, რადგან ჩემი ცხოვრების წესი ამ წლების განმავლობაში არ შეცვლილა, ისედაც არ ვიყავი გარეთ მოსიარულე ტიპი, სახლში ყოფნა ძალიან მიყვარდა, ჩემი ჰობი ორი ადამიანის იქით არ მოიცავდა, ბუნებაში გასვლა იქნებოდა ეს თუ სროლა, მოტოციკლი... გარაჟში წოლას 80 კაცში ყოფნა არ სჭირდება. „გულაობა" ჩემი არასდროს იყო, მაგრამ ამ ბოლო დროს თერაპიის მიზნით დავიწყე „გულაობებზე" სიარული. ეს არის მექანიზმი, რომ შფოთვის ელემენტები დავაწყნარო. არ ვიცი, რა დონეზეა ჩემთვის შესაძლებელი მისვლა, რა რესურსი მაქვს ბოლომდე დასამარცხებლად, ამისი ბოლომდე არ მწამს, მაგრამ იმედია, ვირწმუნებ.

საკუთარ თავს საქმეში ვემალებოდი. სულ ვაბრალებდი ხოლმე, შრომისმოყვარე ვარ-მეთქი, მაგრამ რეალურად მშიშარა ვარ, რომელიც პრობლემებს საქმეში ემალებოდა. ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა. ძალიან ცოტა ხნის ამბავს გეუბნები, სამი კვირის ამბავს - ახლა მივხვდი, რომ სულ საქმეში ყოფნა არ არის ის, რაც მაღალი იდეალების მატარებელი მეგონა. უბრალოდ, გასაქცევი იყო.

აღმოჩნდა, რომ პირად ცხოვრებაში რა პრობლემებიც მქონდა, საქმეში გავურბოდი.

ვიღაცებს რომ არ ვაწყენინო, არ გამოდის. ენამწარე ვარ, რეალურად, მგონია, ბევრად უარესი რეალურ ცხოვრებაში, ვიდრე ტელევიზიაში ჩანს, მაგრამ ამისი მოტივაცია არასდროს არის, რომ ვინმეს ვავნო. ნეგატიური კომენტარები ჩემთვის ყოველთვის მოტივაციაა, მაგრამ ეს არის ზუსტად ჩემი მთავარი პრობლემა – რადგან მე ასე ვფიქრობ, მგონია, სხვებზეც მუშაობს კარგად, მაგრამ ასე არ არის. ემპათიური არ ვარ, ძალიან მიჭირს ეს, რადგან ჩემი თავისადმიც არ ვარ ემპათიური – რასაც ჩემს თავს ვერ ვპატიობ, მიჭირს იმის სხვისთვის პატიება. თუ დავინახავ, რომ მან გამოავლინა ძალა, მოერია რაღაცას, მაშინ მიჩნდება თანაგრძნობა. სხვებში ნებისყოფა აღმაფრთოვანებს. ეს არის ის, რაც მე მაკლია." - განუცხადა ლუკა ნაჭყებიამ fortuna.ge - ის.

წყარო: fortuna.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×