დახურვა
სტილი
01.07.2021

ნენე ახობაძე ქართველი სტუდენტია ჩინეთში. მისი ისტორია საკმაოდ მძიმეა, თუმცა თუ მისი ამბის გაზიარებას დღევანდელი დღით დავიწყებთ, ამ სიმძიმეს ნაკლებად ვიგრძნობთ, რადგან პირადი ტრაგედიებით გამოწვეული სირთულეები დღეს დიდწილად, დამოუკიდებლად მიღწეულმა პროფესიულმა წარმატებებმა ჩაანაცვლა.

ნენე ახობაძე: ჩინური ენის სწავლა თსუ-ში დავიწყე. ჩინეთში კი პირველად 2015 წელს გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი. აქ თავიდან ძალიან გამიჭირდა, ვფიქრობდი, საერთოდ რა ჯანდაბა მინდოდა-მეთქი, მაგრამ ნელ-ნელა ყველა ბარიერი გადავლახე, რაც წამოსვლამდე საკმაოდ ბევრი შემხვდა. პირველ წელიწადს ჩინეთის მთავრობის დაფინანსება ვერ მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს ეს გაცვლითი პროგრამა ჰქონდა, ის ჩემამდე არავის გამოუყენებია და ამის შესახებ თსუ-შიც არ იცოდნენ ბევრი რამ. ერთი წლის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი, სწავლა ისევ თსუ-ში გავაგრძელე და 2017 წელს უკვე შევძელი ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის მიღება – მაშინ და შემდეგ, 2019 წელს, უკვე ჩინეთის მთავრობის სტიპენდიით დავბრუნდი ჩინეთში. 2015 წელს, აქ რომ ჩამოვედი, ფული არ მქონდა. სულ ათასი დოლარი იყო ჩემი ბიუჯეტი და ამ ფულით უნდა დამეფარა საცხოვრებლის, კვების, დაზღვევის საფასური და ასე შემდეგ. აქ სტუდენტობისას მუშაობის უფლებას მოპოვება სჭირდება, რაც ასევე, ფასიანია. ჩემი მდგომარეობის შესახებ ჩემს ლექტორს მოვუყევი და ის ძალიან დამეხმარა. მომავალ წელს აქ დიდი ოცეულის სამიტი იმართებოდა, რეკლამაში გადასაღებად უცხოელები სჭირდებოდათ. ამ ლექტორმა მე და ჩემს მექსიკელ კურსელს გაგვიწია რეკომენდაცია აქაურ ტელევიზიაში. აღმოჩნდა, რომ ამ რეკლამას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონია, ვიდრე მხოლოდ ფულის შოვნაა. დღემდე, როცა სამოტივაციო წერილს ვწერ მთავრობასთან გასაგზავნად, აუცილებლად მათითებინებენ, რომ სახელმწიფოს რეკლამაში ვიყავი დაკავებული. შემდეგ ამას სხვა შემოთავაზებებიც მოჰყვა და ეს ჩემი შემოსავლის წყარო გახდა, თუმცა მერე უფრო გასართობ საქმედ იქცა, რადგან გადაღებებისთვის ბევრი დრო აღარ მაქვს.

დავიწყე მუშაობა თარჯიმნად, გიდად, ფრილანსერ თარჯიმნად. ახლა უკვე ვთანამშრომლობ ქართულ მხარესთან, როცა ჩინეთის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და თარგმნას ეხება საქმე. ჩინეთში ვწერ წიგნს საქართველოს შესახებ, რაც ანაზღაურებადია, გარდა ამისა, მაქვს სტიპენდია. ხშირად ვთანამშრომლობ ჩინურ მედიასთან. ზოგჯერ თარჯიმნად და ზოგჯერ უცხოელი სტუმრის სტატუსით – აქ ჩინური ენის მცოდნე უცხოელი ტურისტის გადაცემაში სტუმრობა ძალიან დასაფასებელია და ანაზღაურებენ.

მაგისტრატურის დასრულების შემდეგ მინდა, საქართველოში დავბრუნდე და მუშაობა დავიწყო. თუ ისეთი სამსახური მექნება, რომ გარკვეული პერიოდით ჩინეთში ჩამოსვლაც მომიწევს ხოლმე, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება. მანამდე უნდა დავასრულო წერა ჩინეთის ისტორიაზე ქართულად და არსებული დეფიციტი შევავსო. მეორე მხრივ კი, დავასრულო წიგნი საქართველოს შესახებ, რომელსაც ჩინურად ვწერ.

იხილეთ სრულად: თბილისელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×