დახურვა
სტილი
19.01.2023

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნინო ნაცვალაძე სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას გვიზიარებს.

ნაცვალაძე წერს, რომ გერმანელმა პაციენტმა, რომელსაც გერმანიის არმიის ფედერალურ შტაბში მნიშვნელოვანი თანამდებობა უჭირავს, მას, როგორც ქართველს, ბოდიში მოუხადა.

პაციენტმა მოიბოდიშა იმის თაობაზე, რომ მისივე თქმით, 2008 წელს გერმანია საქართველოს სათანადოდ არ დაუდგა გვერდში.

„გინდ დაიჯერეთ, გინდ არა...

რამდენიმე დღის წინ ე.წ. VIP პაციენტთან დამიძახეს. ძალიან სიმპათიური, ათლეტური აღნაგობის, ტიპური გერმანული გარეგნობის, შუახნის მამაკაცი იწვა საოპერაციო მაგიდაზე. გავეცანი...საბუთებს დავხედე...როგორც ველოდი, მაღალი რანგის დაზღვევა ჰქონდა.

რეგიონალური ანესთეზია უნდა გამეკეთებინა, რომლის დროსაც პაციენტს არ სძინავს, კონტაქტურია და მხოლოდ საოპერაციო უბნის გაუტკივარება ხდება. პროცედურის დროს, ჩემთვის ტრადიციული შეკითხვის დროც მოვიდა, "იტალიური თუ ესპანური გარეგნობის ექიმი, მისთვის უცხო აქცენტით, რომელი ქვეყნიდან ვიყავი" ?! ქართველი ვარ მეთქი- ვუპასუხე და საქმე გავაგრძელე.

უცებ დადუმდა, თავი წამოსწია, ხელი შემოიდო თავქვეშ და დაკვირვებულად დაიწყო ჩემი დათვალიერება...სიჩუმეც შემაწუხებელი იყო და დაკვირვებული მზერაც, ჩემს ყოველ მოძრაობაზე...თავი უხერხულად ვიგრძენი...თუმცა, არც ის მავიწყდებოდა, რომ ვიღაც განსაკუთრებული რანგის პაციენტი იყო, საგანგებოდ დამიძახეს და „კლასი" უნდა მეჩვენებინა ...

არადა, თავში მერეოდა ფიქრები, ნეტა რა არ ესიამოვნა, ან ჩემი ქართული წარმომავლობით რაიმე უსიამოვნო ფაქტი ხომ არ გავახსენე-მეთქი?! საკმაოდ დავიძაბე. ამასობაში ერთი ნერვული წნულის ბლოკადას მოვრჩი და მეორეზე გადასვლას რომ ვაპირებდი, დაკვირვებული მზერა გავარღვიე და ვეუბნები: ერთი ნაწილი ანესთეზიის დასრულებულია და ახლა მეორეს დავიწყებ.

იმედია არ გეტკინათ და აწი თუ რაიმეს იგრძნობთ, არ მოგერიდოთ, დროულად მითხარით. პასუხმა კიდევ უფრო დამაბნია, "თქვენგან ტკივილსაც მოვითმენ"! მოკლედ, ამ უხერხულ მდგომარეობაში დავასრულე ჩემი საქმე. სანამ გამოვემშვიდობებოდი და კოლეგას ჩავაბარებდი პაციენტს, შევეკითხე - მე მგონი, რაღაც გაქვთ სათქმელი?!

მადლობა გადამიხადა და ასეთი რამ მითხრა: მე გერმანიის არმიის ფედერალურ შტაბში მნიშვნელოვანი თანამდებობა მიჭირავს... ბოდიში მინდა მოგიხადოთ, როგორც ერთმა გერმანელმა ჩინოვნიკმა, რომ 2008 წელს არ დავეხმარეთ თქვენს ქვეყანას... არ დავიჯერეთ, რომ თქვენთან ის ხდებოდა, რაც დღეს უკრაინაში ხდება...

ყველას შეცდომის შედეგია, რასაც ახლა ვიმკით... ჩვენ გვეძინა! ბოდიში მინდა ქართველს მოგიხადოთ და ახლა უკვე მადლობა! გაოგნებულმა, დასტურის ნიშნად, თავი რამდენიმეჯერ დავუკარი...დანარჩენი ჩემს პირბადიან სახეზე და თვალებში ალბათ ამოიკითხა...არ ვიცი, რა გაიგეს ჩემს გვერდით მდგომმა ასისტენტებმა, გაოცებული რომ უსმენდნენ ჩვენს საუბარს...

P.S. დიახ, ცივილურმა მსოფლიომ გააკეთა დასკვნები! ამიტომ ეს გულწრფელი ბოდიში, მარტო მე კი არა, ყველა ქართველს და მთელ საქართველოს ეკუთვნის, მაგრამ არამც და არამც იმ „ორჯონიკიძეებს", ქვეყანას რომ ძირს უთხრიან, რუსეთისკენ მიათრევენ და ლავროვებისგან მადლობებს ღებულობენ !" - წერს ნინო ნაცვალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×