დახურვა
სტილი
20.02.2023

ნუცა ბუზალაძე „ამერიკის ვარსკვლავის" კონკურსანტია. ქართველმა მომღერალმა მთავარი კასტინგი გაიარა, დანარჩენი ყველაფერი კი საიდუმლოა მანამდე, სანამ მისი მონაწილეობით ეპიზოდი ეთერში არ გავა.

მსოფლიო ვარსკვლავების წინაშე ქართველი მომღერლის გამოსვლას ძალიან მალე ვიხილავთ.

fortuna.ge ნუცას აშშ-ში დაუკავშირდა, სადაც ის კონკურსისთვის იმყოფება და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

აღსანიშნავია, რომ ნუცას ყველაფერზე საუბრის უფლება არ აქვს, სანამ ეპიზოდი ეთერში არ გავა.

"უკვე 8 წელია, რაც ამ პროექტში მოხვედრა მინდა, თუმცა ძალიან რთული გზა გავიარე. შეუძლებელიც კი იყო ჩემთვის, იმდენჯერ ვცადე, მაგრამ არ ვნებდებოდი. ბოლო ცდაზე გამოვიდა. საოცარი შეგრძნება მქონდა, დაუვიწყარი ემოციები იყო ჩემთვის. ჟიურის წევრები არიან ლეგენდები, განსაკუთრებით ლაიონელ რიჩი. ვერ ვიჯერებდი, რომ მათ წინაშე უნდა მემღერა. რომ ჩადიხარ და ნახულობ, რამდენი ადამიანი მუშაობს პროექტზე, როგორ მუშაობენ და რა ხარისხით, ეს ცალკე გამოცდილებაა...

ონლაინ გავიარე და მერე ჩავედი. ხუთი კასტინგი გავიარე, სანამ ჟიურის წევრებამდე მივიდოდი. ჯერ კასტინგ დირექტორებს შევხვდი, შემდეგ პროდიუსერებს, შემდეგ მივედი მათთან, ვისაც „ღმერთებს" ეძახიან. თუ ისინი გეტყვიან კი-ს, მაშინ ჩადიხარ ამერიკაში მთავარ კასტინგზე. არაფერი გამჭირვებია. ისეთი პროდიუსერები ჰყავთ, რომ პირიქით, სურთ კომფორტის შექმნა, რომ შენი ნიჭის მაქსიმუმი აჩვენო. ძალიან გახსნილი ვიყავი ასეთი მიდგომების გამო. ბოლომდე თავისუფლება გაქვს. სიმღერის შერჩევისას, მათ შორის. არ გაძალებენ, რომ თავად რასაც ფიქრობენ, ის იმღერო. მუსიკალურმა პროდიუსერმა მითხრა, ამდენს რომ იფრენ და დაიღლები, არ მინდა, ისეთი რამ გამღერო, რომ დისკომფორტი შეგექმნას, ამიტომ თავად შეარჩიეო.

სხვათა შორის, მე არ მინდოდა გამოქვეყნება, მაგრამ რადგან პროექტიდან დაგვრთეს უფლება, დავდე პოსტი. ამერიკის ასეთ გრანდიოზულ სატელევიზიო პროექტში ქართველის მონაწილეობა არ მახსოვს. ბავშვობიდან ვგრძნობდი იმას, რომ ეს ქვეყანა და ეს პროექტი, სტილი, თავისუფლება, ჩემია. ის ადამიანები, ვინც მგულშემატკივრობს და ვუყვარვარ, სულ გამოთქვამდნენ სურვილს, რომ მსგავს პროექტში მიმეღო მონაწილეობა. ამერიკა თავისუფლების ქვეყანაა და ყველა გიჟური იდეის განხორციელება შეგიძლია. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოვხვდებოდი აქ... მივეჩვიე და გავაანალიზე, რა მოხდა, მაგრამ როცა დამირეკეს და კასტინგზე ვიყავი წასასვლელი, შესაჯანჯღარებელი გავხდი, რომ რეალობად აღმექვა. როცა მომენტი დგება, რომ იმ ოთახში უნდა შეხვიდე, ვერ აგიღწერ, რა შეგრძნებები გაქვს - შიშიც, ბედნიერების ცრემლებიც გაწვება...

ფსიქოლოგიურად ჩემი თავი ხელში ავიყვანე. საკუთარ თავს ვუთხარი, მაგარი შანსი გაქვს, რომ შენი თავი წარმოაჩინო და უნდა წარმოაჩინო-მეთქი",- ამბობს ნუცა ბუზალაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×